ავტორი:

"რამე რომ დამემართოს ან მოვკვდე, ვინ მიხედავს ჩემს შვილს?! საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თხოვნით" - გოგიტა მურცხვალაძე

"რამე რომ დამემართოს ან მოვკვდე, ვინ მიხედავს ჩემს შვილს?! საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თხოვნით" - გოგიტა მურცხვალაძე

"როგორც ყოველთვის, ვმკურნალობ მეც და ვცდილობ, მკურნალობის კურსი არ დავაკლო შვილს - ყველაფერი რიგიანად ჩავუტარო. ამისთვის ხალხის შეწუხება რომ მიწევს, მაგაზე ვნერვიულობ. ვნერვიულობ ასევე იმაზე, რომ ამ პერიოდში ჯაბას მომეტებულად ეწყება კრუნჩხვა. ხშირად ვარდება კრუნჩხვაში“ - გვეუბნება შშმ პირი და შშმ პირის მამა გოგიტა მურცხვალაძე, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ნერვიულობის ნიადაგზე, მაღალმა წნევამ აუწია და ინსულტმა გაუმეორა.

  • "ახლა რომ ვუყურებ ჩემს თავს - სიკვდილის კი არ მეშინია, არამედ იმის მეშინია: რამე რომ დამემართოს ან მოვკვდე, ვინ მიხედავს ჩემს შვილს?!

საზოგადოებისადმი მიმართვას, თქვენს შეწუხებას, პროდუქტების, მედიკამენტების შეძენას, ექიმთან ვიზიტებს - ამ ყველაფერს ორგანიზებას მე ვუკეთებ. თუ ფიზიკურად ვერ ვიქნები, ბავშვისთვის მკურნალობის კურსი ჩავარდება, ეს კი უკვე საშინელებაა.

ამჯერად ღმერთის წყალობით, გადავრჩი. როგორც მერე მითხრეს, ოთხმა-ხუთმა კაცმა ხელით ძლივს ჩამომიყვანა მეოთხე სართულიდან, რადგან ულიფტო ბინაში ვცხოვრობ,“ - გვეუბნება გოგიტა მურცხვალაძე...

- გონება დაკარგეთ?

- გათიშული ვიყავი. მიმიყვანეს საავადმყოფოში. დიდხანს ვერ მოვედი აზრზე, სანამ შესაბამისი პროცედურები არ ჩამიტარდა. ღვთის წყალობით, ჩემი და ჩემი შვილის ექიმი ერთი და იგივეა - ქალბატონი ინგა შავაძე. მართლა ვაჟკაცმა ქალბატონმა შემომაბრუნა სიცოცხლისკენ და გადამარჩინა. სიკვდილის კი არ მეშინია, არამედ იმის შიში მაქვს ყოველთვის, რომ არაფერი დამემართოს, როგორც გითხარით, ვინ მიხედავს და რა ეშველება ჯაბას?! ეს ფიქრი არ მტოვებს.

მოკლედ, ცალკე ჩემი წამლების კურსის ჩავარდნა არ შეიძლება, ცალკე -შვილის. ამიტომ ვარ გაურკვევლობაში. კი ვცდილობ, რომ არც ჩემი კურსი ჩავაგდო და არც - ჯაბასი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ. ეს ყველაფერი კი მერე გადადის ნერვიულობაში.

მისთვის წელიწადის ყველა დრო თავისებურად რთულია. განსაკუთრებით მავნებელია გაზაფხული და შემოდგომა იმიტომ, რომ ძალიან მგრძნობიარე ორგანიზმი როცა აქვს ადამიანს, როცა ბუნება იღვიძებს ან შემოდგომის პერიოდშია, ორგანიზმი ყველაფრის მიმართ მომეტებულად მგრძნობიარე ხდება. ამ დროს მომეტებულად აქვს ეპილეფსიური შეტევები. ვცდილობ, როგორმე ეს პერიოდი მსუბუქად გადავატანინო. წელიწადის ყოველ პერიოდს თავისი მინუსები და პლუსები აქვს, ზამთარშიც აქვს სირთულეები.

წარმოიდგინეთ, რომ საკვებს შერჩევით ვაძლევ... ექიმი გვეუბნება, რომ საღი და ნატურალური პროდუქტი მივცეთ, რასაც შეძლებისდაგვარად, ხალხის დახმარებით, ვახერხებთ. ძალაუნებურად უკვე საზოგადოებაზე ვარ დამოკიდებული. ამ ბოლო დროს მესამე ინსულტმა უარყოფითი შედეგი გამოიღო: ადრე თუ დავდიოდი, ახლა 100 მეტრის გავლით 5 წუთი მაინც მჭირდება..

- შეგეზღუდათ სიარულის უნარი?

- ადრეც მიჭირდა ინსულტის შემდეგ სიარული, მაგრამ ახლა უფრო დავმძიმდი. იმის შიში მაქვს, რომ გადაადგილება არ დამჭირდეს და ეტლით მოსარგებლე არ გავხდე..

ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თხოვნითა და ვედრებით. მათი ლოცვის იმედად ვარ. უფალს ვთხოვ: "ღმერთო, გაუმრავლე ქართველ ხალხს ქველმოქმედნი, ღმერთმა ბევრი მისცეთ, რომ შეძლონ სხვების დახმარება“. უღრმესი მადლობა ყველას, იცოცხლეთ და გაიხარეთ.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000

პირადი ნომერი - 41001014025 მურცხვალაძე გოგიტა