ავტორი:

გურამ დადიანიძის თემაზე დაწერილი კომენტარის გამო ეკუნა ყურშიტაშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს - "დამცინავად და დამამცირებლად მოიხსენიებდა გურამ დადიანიძეს“

გურამ დადიანიძის თემაზე დაწერილი კომენტარის გამო ეკუნა ყურშიტაშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს - "დამცინავად და დამამცირებლად მოიხსენიებდა გურამ დადიანიძეს“

"იმ პოსტის ქვეშ 4 ათასი კომენტარი ეწერა, სადაც ყველა დედას აგინებდა, თუმცა რატომღაც მხოლოდ მე დამაჯარიმეს“ - აცხადებს ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი ეკუნა ყურშიტაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2500 ლარით დააჯარიმა.

მისი თქმით, საქმე გურამ დადიანიძის შესახებ გავრცელებულ ამბავს უკავშირდება - ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარმა ის გააღიზიანა და საპასუხოდ თავადაც დაწერა კომენტარი. ყურშიტაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას აპირებს, რადგან სიძულვილის ენის წინააღმდეგ კანონს მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უსამართლოდ გამოარჩიეს.

  • Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, როგორ შეიტყო ჯარიმის შესახებ, რატომ არ აპირებს, მის გასაჩივრებას და რა კითხვები აქვს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით

- ეკუნა, გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტზე გაკეთებული კომენტარის გამო 2500 ლარით დაგაჯარიმეს, რა თემაზე იყო პოსტი, რა დაწერეთ და ვინ გიჩივლათ?

- დიახ, ნამდვილად დამიწერეს 2500-ლარიანი ჯარიმა, თემა ეხებოდა ყველაზე სენსიტიურ და მტკივნეულ საკითხს, ეს იყო გურამ დადიანიძის ამბავი, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო და განსაკუთრებით მშობლები ძალიან დაზაფრულები ვართ ამ ამბის შემდეგ.

ამ ამბავზე გააკეთა კომენტარი ვინმე ანა გელაშვილმა, ეს იყო ძალიან დამცინავი კომენტარი გურამ დადიანიძის მიმართ. ამან გამაღიზიანა და დავუწერე ერთი კომენტარი. მთელი საქართველო, დაწყებული ტიკტოკიდან, ფეისბუქზე და ყველგან ამ გოგოს აგინებდა და ლანძღავდა მისი უტიფარი საქციელის გამო, მაგრამ რატომღაც მარტო მე დამაჯარიმეს.

აქვე მინდა აღვნიშნო რომ არ ვიცი ვინ მიჩივლა, თავად ანა გელაშვილმა თუ სხვა ვინმემ, მე საქმის დეტალებს არ ვარ გაცნობილი, სამწუხაროდ, თუმცა ვაპირებ რომ გავეცნო და გავერკვიო ყველაფერში.

- როგორ გაიგეთ ეკა, რომ დაგაჯარიმეს, სასამართლოს თუ დაესწარით?

- წასული ვიყავი საზღვარგარეთ, ჩამოვედი ჩავრთე ნომერი და უცხო ნომერმა დამირეკა. სწრაფად მითხრა, რომ სასამართლო მაქვს და დაჯარიმებული ვარ, ვიღაცის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. სიმართლე რომ გითხრათ ვერ დავიჯერე, არ აღვიქვი სერიოზულად. გავუთიშე ამ გოგოს ტელეფონი. მაგის შემდეგ არც არავის დაურეკავს, არც არავის მოუწერია. მერე გავიგე "იმედის" ტელევიზიიდან, ეგეც მეგობრებმა მითხრეს, რომ ტელევიზორში იყავიო. ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად.

რეალურად დამირეკეს ტელეფონზე, მაგრამ მე ვერ აღვიქვი სერიოზულად, თან დავიწყებული ამბავი იყო, 13 აგვისტოს პოსტი იყო და საერთოდ ვერ აღვიქვი სერიოზულად.

- რას აპირებ ეკა, გასაჩივრებას თუ აპირებ?

- ალბათ გახსოვთ, რომ მრავალი წლის მანძილზე თავად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი საზოგადოების მხრიდან, აბსოლუტურად დაუმსახურებლად. მინდა გითხრათ, რომ ამ კანონს მივესალმები და ვფიქრობ, რომ ამ ჯარიმას გადავიხდი იმის მიუხედავად, რომ უსამართლობა მგონია ამხელა ჯარიმის დაწერა, იმიტომ რომ მე თავად ვიყავი მრავალი წლის მანძილზე ბულინგის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ მივესალმები და ვაპირებ გადავიხადო. მგონია რომ სხვებისთვის მაგალითი იქნება.

- ეკა, როდესაც იმ კონკრეტულ ადრესატს კომენტარი დაუწერეთ, იმ წუთას თუ ჰქონდა რაიმე სახის რეაქციაა, ან შემდეგ თუ გამოგეხმაურათ, ან ახლა არ გიცდიათ დაკავშირება?

- ეს გოგო იმ კონკრეტულ პოსტზე ძალიან დამცინავად და დამამცირებლად მოიხსენიებდა გურამ დადიანიძეს, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება,. აქვე მინდა აღვნიშნო რომ კონკრეტულად იმ პოსტის ქვეშ 4 ათასი კომენტარი ეწერა, სადაც ყველა დედას აგინებდა, თუმცა არავის შეხმიანებია და არც მე გამომხმაურებია, მისი სოციალური ქსელიც არ ვიცი. არ დავინტერესებულვარ სიმართლე რომ გითხრათ.