საფრანგეთში ჰაკერებმა სუპერმარკეტების ქსელების შიდა სისტემებში შეაღწიეს. მათ დისტანციურად მოიპოვეს წვდომა იმ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მაღაზიებში მაცივრებისა და საყინულეების ტემპერატურას არეგულირებს.
შედეგად ასობით სუპერმარკეტის კოლოსალური ღირებულების პროდუქცია გაფუჭდა. ჰაკერებმა ზოგიერთ ადგილას, 50 გრადუსამდეც კი ასწიეს მაცივრებში ტემპერატურა.
კიბერშეტევის შედეგად დაზარალდნენ ცნობილი სუპერმარკეტების ქსელები. მათ შორის Intermarché, Netto, Carrefour, Monoprix და E.Leclerc, და ა.შ.
როგორც წესი, სუპერმარკეტების საყინულეები ღამით ხანმოკლე გალღობას გადიან, რომლის დროსაც ტემპერატურა ოდნავ იმატებს. თუმცა, ჰაკერებმა მოწყობილობები გააცხელეს. სუპერმარკეტები იძულებულები გახდნენ გადაეყარათ ტონობით გაყინული და მალფუჭებადი პროდუქტი.
ფრანგმა პროკურორებმა კიბერდანაშაულის გამოძიება დაიწყეს. პარიზის პროკურატურამ მომხდარს "მასშტაბური კიბერშეტევა" უწოდა.