ერთი წლის წინ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ციხიდან გათავისუფლებულ პატიმრებს შორის ნანუკა ჟორჟოლიანის სიძე გიორგი მჭედლიშვილი აღმოჩნდა.
მჭედლიშვილის გათავისუფლების პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მჭედლიშვილმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა.
ცნობისთვის გიორგი მჭედლიშვილი პოლიტიკოს ეკა ხერხეულიძის ვაჟია.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენმა სიძემ, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა და სწორედ ამის შემდეგ დატოვა ციხე. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?
- მადლობა, რომ ეს შეკითხვა დამისვით. გიორგის არასოდეს, არცერთი პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს შეწყალების თხოვნით. წარმოიდგინეთ, ასეთ მიმართვას რომ ეარსება, რომ ჩემი სიძე მიმართავს პრეზიდენტ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით, ეს აუცილებლად გაძვრებოდა სადღაც. შემთხვევით მოიპოვებდა ტელეკომპანია "იმედი" ან "პოსტვ", "რუსთავი 2“, ექსკლუზიურად. ასეთი რამ არ მომხდარა და ეს ინფორმაცია ტყუილია.
- აბა საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია?
- პროპაგანდა, უბრალოდ ნახეთ, როგორ არის, გიორგის არ სურს მასზე საუბარი. სწორედ ამიტომ შევიკავე თავი მაშინაც, თუმცა ახლა საშუალება მომეცა, სიმართლე მეთქვა. გიორგის არ სურს მისი სახელი პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს. როდესაც ეს ჭორები გავრცელდა, მითხრა, გთხოვ, ახლა ვიდეო არ ჩაწერო და განცხადება არ გააკეთოო, რადგან არ სურდა, ამის შემდეგ მისი ფოტოები კიდევ გამოეყენებინათ.
გიორგის ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სამწელიწადნახევარი გაატარა ციხეში. მას არავინ დაუჭრია და არავისთან უჩხუბია. საქმე იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ეხებოდა. იარაღი უშუალოდ მას არ უპოვეს - ცალკე აღმოაჩინეს იარაღი და უთხრეს, რომ ის მისი იყო. იარაღის ჩადებას არ ჰქონია ადგილი. ეს არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
იმავე საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ამ მუხლს ამნისტია შეეხო და, შესაბამისად, ამ საქმეზე მსჯავრდადებული სხვა პირებიც გათავისუფლდნენ. რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი მხოლოდ ნანუკას სიძე?! ამნისტია შეეხო ყველა იმ ადამიანს, ვისზეც შესაბამისი გადაწყვეტილება გავრცელდა.
პროპაგანდამ ეს გარემოება გამოიყენა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი მიმართვა არ ყოფილა.
- დაიჯერებენ თუ არა ამას ის ადამიანები, რომლებიც ამ ბრალდებებს ავრცელებენ?
- მათი გადასაწყვეტია. მაგრამ, თუ ამტკიცებენ, რომ შეწყალების თხოვნა ნამდვილად არსებობდა, შეუძლიათ ფაქტი წარმოადგინონ. ამის გადამოწმება რთული არ უნდა იყოს, თუმცა ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.
აქვე მინდა დავაზუსტო: გიორგის მიხეილ ყაველაშვილისთვის არ მიუმართავს არა იმიტომ, რომ ჩვენ პოლიტიკური შეხედულებებით განვსხვავდებით, არამედ იმიტომ, რომ მას საერთოდ არ სურდა შეწყალების თხოვნით რომელიმე პრეზიდენტისთვის მიემართა - იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნებოდა ქვეყნის პრეზიდენტი.