ავტორი:

ეპოქალური ფოტო, რომელზეც მედიცინის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია აღბეჭდილი - ლეგენდარული პოლონელი ექიმი 23-საათიანი ოპერაციის შემდეგ მონიტორს იმედით შეჰყურებს

ეპოქალური ფოტო, რომელზეც მედიცინის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია აღბეჭდილი - ლეგენდარული პოლონელი ექიმი 23-საათიანი ოპერაციის შემდეგ მონიტორს იმედით შეჰყურებს

ექიმი მონიტორს აკვირდება - აღდგება თუ არა პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები, კუთხეში კი სძინავს ასისტენტს, რომელიც 23 საათიანი ოპერაციის შემდეგ დაიქანცა. ეს გახლავთ ისტორიაში ასი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოდან ერთ-ერთი, რომელზეც ისტორიული მომენტია ასახული.

  • როგორია ეპოქალური ფოტოს ისტორია

პოლონელმა ექიმმა ზბიგნევ რელიგამ 1985 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ზაბჟეში პოლონეთში გულის გადანერგვის პირველი ოპერაციაა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ქირურგიული ჩარევა იმ დროს შეუძლებლად მიიჩნეოდა, ექიმი რისკზე წავიდა და მოლოდინმაც გაამართლა - პაციენტის ახალი გული ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ ამუშავდა და სხვათა შორის, ამ გულით მან კიდევ 30 წელი იცოცხლა.

თადეუშ ჟიტკევიჩი 2017 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და საკუთარ ექიმსაც კი აჯობა სიცოცხლის ხანგრძლივობით.

ისტორიული კადრი ფოტოგრაფმა ჯეიმს სტენფილდმა გადაიღო. ფოტოგრაფი 1980-იან წლებში პოლონეთის კრიზისში მყოფ ჯანდაცვის სისტემაზე რეპორტაჟს ამზადებდა, როცა ამ ემოციურ სცენას შეესწრო. ნამუშევარი National Geographic-მა 1987 წლის "წლის ფოტოდ“ დაასახელა და ისტორიაში 100 ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოს შორის შეიტანა.

  • ვინ იყო ზბიგნევ რელიგა

გარდა წარმატებული საექიმო კარიერისა, ზბიგნევ რელიგა პოლიტიკაშიც მოღვაწეობდა. 1993 წელს ის პოლონეთის სენატის წევრი გახდა და 2001 წელს კი ხელახლა აირჩიეს. რელიგა იყო საკმაოდ პერსპექტიული კანდიდატი 2005 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ცნობილი, კონკურენტს მხოლოდ ხმების 6%-ით ჩამორჩა.

მაგრამ მას მსოფლიოში იცნობენ, როგორც ლეგენდარულ ქირურგს, რომელმაც ადამიანის გვამიდან აღებული მასალებისგან შექმნილი ხელოვნური სარქველი პირველად გადაინერგა.

დოქტორი რელიგა ოპერაციისთვის ემზადება

ზბიგნევ რელიგამ სამედიცინო განათლება 1963 წელს ვარშავაში მიიღო, მოგვიანებით კი ნიუ-იორკსა და დეტროიტში სისხლძარღვთა და კარდიოქირურგიის მიმართულებით გაიარა გადამზადება. 1984 წლიდან ის ზაბჟეს (Zabrze) კარდიოქირურგიულ კლინიკას ხელმძღვანელობდა, სადაც ქვეყანაში პირველი წარმატებული გულის ტრანსპლანტაცია ჩაატარა. ტრანსპლანტაციისთვის დონორის ორგანო ვარშავიდან ზაბჟეში მას შემდეგ გადაიტანეს, რაც დონორს ტვინის სიკვდილი დაუდასტურდა. გარდა ამისა, 1995 წელს რელიგა იყო პირველი ქირურგი, რომელმაც ადამიანის გვამური ქსოვილებისგან შექმნილი ხელოვნური სარქველი გადანერგა.

ექიმი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სხვების სიცოცხლის გახანგრძლივებას შეალია, 2009 წლის 8 მარტს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ექიმი ათეისტი იყო, ამიტომ დაკრძალვის ცერემონია არაკათოლიკურ სასაფლაოზე გაიმართა და ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პაციენტი, თადეუშ ჟიტკევიჩი ლეგენდარულ ფოტოსთან

ექიმის დაკრძალვას ესწრებოდნენ როგორც ფოტოგრაფი ჯეიმს სტენფილდი, ისე თავად პაციენტი — თადეუშ ჟიტკიევიჩი.

88 წლის ჟიტკიევიჩს ცერემონიის განმავლობაში ხელში სწორედ ის ლეგენდარული ფოტო ეჭირა, რომელმაც ექიმისა და მისი გადარჩენის ისტორია უკვდავყო.

წყარო