ავტორი:

"ბიბლუსმა" 2026 წლის სექტემბრის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეული გამოაქვეყნა

"ბიბლუსმა" 2026 წლის სექტემბრის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეული გამოაქვეყნა

სექტემბერში „ბიბლუსი“- კლასიკური, მხატვრული ლიტერატურისა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული წიგნების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

საინტერესოა, რომ მკითხველთა ყველაზე ფართო წრეები კლასიკური ლიტერატურით იყვნენ დაინტერესებულები - წიგნებით, რომლებიც თაობ ების თანამედროვე ყოფას, მორალურ ღირებულებებსა და მარადიულ პრობლემებს ასახავს, თუნდაც 50-70 წლის წინ იყოს დაწერილი.

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სია, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ასე გამოიყურება:

ფიოდორ დოსტოევსკი - თეთრი ღამეები

რობერტ კიოსაკი - მდიდარი მამა, ღარიბი მამა

თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა

ფრანც კაფკა - მეტამორფოზი

ტოშიკაძუ კავაგუჩი - სანამ ყავა გაცივდება

ჯემალ ქარჩხაძე - ზებულონი

ნათია ჯაგოდნიშვილი - პარალელური წრფეები

ჯეიმს ქლიერი - ატომური ჩვევები

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ლორენ რობერტსი - ურჩი

სექტემბერში ქართველი მკითხველი უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ ლიტერატურას, რომელიც ფსიქოლოგიურ და ეგზისტენციალურ საკითხებს ეხება. დოსტოევსკის „თეთრი ღამეები“ არის ერთგვარი ეტიუდი მარტოობაზე, ადამიანისთვის არადამაკმაყოფილებელ რეალობასა და გულწრფელ, თუმცა წარმავალ სიყვარულზე, რომელიც არასდროს ნელდება.

კაფკას „მეტამორფოზი“ მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც სოციალური წნეხისა და ოჯახურ ურთიერთობებში მარტოობისა და გაუცხოების მტკივნეული მეტაფორაა. კაფკა ოსტატურად წარმოაჩენს, თუ როგორ ძალადობს სისტემა და ყოფითი რუტინა პიროვნებაზე.

...და სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ - წიგნის ახალგაზრდული ბუნტის, პროტესტის, დაკარგული ოცნებებისა და გაფანტული ილუზიების შესახებ, რომელიც ზრდასრულთა სამყაროს პირისპირ დარჩენილი მგრძნობიარე ახალგაზრდას მანიფესტია. სელინჯერის ეს რომანი განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდებში, რომლებიც როგორც წესი, სწორედ მთავარი გმირის, ჰოლდენ კოლფილდის ასაკში იწყებენ გარესამყაროს მიმართ პროტესტის გამოხატვას.

მკითხველის ინტერესს ინარჩუნებს თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის“ ყანა და ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“, სადაც ადამიანური ყოფიერების ძირეული საკითხები და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია თავმოყრილი.

საქართველოში ბიზნეს ლიტერატურა წლებია აქტუალურია და სექტემბრის ათეულშიც მოხვდა. სიაში წარმოდგენილია მსოფლიო ბესტსელერი - „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ და ჩვევების ფსიქოლოგიაზე აგებული პრაქტიკული რჩევები - „ატომური ჩვევები“, რომლებიც მკითხველს ფინანსური განათლების გაუმჯობესებასა და პიროვნულ ტრანსფორმაციაში ეხმარება.

ტრადიციულად, მკითხველთა ფართო წრეები არც თანამედროვე ლიტერატურას ტოვებს უყურადღებოდ.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი“ ბესტსელერების სიას ყოველთვიურად აქვეყნებს.

R