ავტორი:

"მიცვალებულს შემწვარი გოჭი ჩაატანეს საფლავში" - რით და როგორ იკვებებოდა ანტიკური ხანის ქართველი და რა იყო მისი მენიუ?

"მიცვალებულს შემწვარი გოჭი ჩაატანეს საფლავში" - რით და როგორ იკვებებოდა ანტიკური ხანის ქართველი და რა იყო მისი მენიუ?
  • მთავარი ფოტო მომზადებულია AI-ის მიერ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, სწავლული მდივანი ნათია ფიფია ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, რომ წელს, სექტემბერში ორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართველოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა. პირველი იყო კონფერენცია, რომელიც გაიმართა მადრიდში (ესპანეთი) 10-12 სექტემბერს ქართველი და ესპანელი მეცნიერების ორგანიზებით სახელწოდებით - "ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“, ხოლო მეორე ჩატარდა ვარშავაში (პოლონეთი) - "შავი ზღვის სიძველეთა მერვე საერთაშორისო კონგრესი“.

ნათია ფიფია:

- მადრიდში ბევრი ქართველი მეცნიერი გამოვიდა, მე წავიკითხე მოხსენება თსუ-ის ასოცირებულ პროფესორ ეკატერინე კობახიძესთან თანაავტორობით "ქალი ანტიკური ხანის იბერიაში“. თსუ-ის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა აღმოსავლეთის იბერიის ისტორიის შესახებ შესანიშნავი შესავალი ლექცია წაიკითხა... ერთ-ერთ სესიაზე, რომელზეც ძირითადად ახალგაზრდა მეცნიერები გამოვიდნენ. მაგალითად, ახალგაზრდა მეცნიერმა, ომარ ძაძამიამ წარმოადგინა მოხსენება "პროტეინის წყაროები ანტიკური ხანის კოლხებისა და იბერების კვებაში“, რომელიც ინტერდისციპლინურ კვლევას წარმოადგენდა.

ვარშავაში, შავი ზღვის სიძველეთა მერვე კონგრესზე ქართული დელეგაცია ასევე სოლიდურად იყო წარმოდგენილი. პირადად მე წავიკითხე მოხსენება თემაზე "ძირითადი ტრენდები და ადგილობრივი ტრადიციები - ლისიმაქესა და ალექსანდრეს ტიპის სტატერების მინაბაძები საქართველოში“. ეს ნაშრომი წარმოადგენს ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელთან, პროფ. თედო დუნდუასთან უკანასკნელი თანამშრომლობის ნაყოფს. სამწუხაროდ, ის ამ კონგრესს ვერ მოესწრო და ნაშრომის წარდგენა მარტოს მომიწია, რაც ჩემთვის შინაგანად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.

კონგრესზე ასევე გამოვიდა თსუ-ის დოქტორანტი ომარ ძაძამია, რომელმაც წაიკითხა მოხსენება "ენერგიის წყაროები ანტიკური ხანის კოლხების კვებაში.

***

ნათია ფიფიას ვთხოვეთ საუბარი თემაზე - რით და როგორ იკვებებოდა ანტიკური ხანის ქართველი, რა იყო მისი მენიუ და ეს რა დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლევა?

- ადამიანის ყოველდღიური საკვები სამი ძირითადი მაკრონუტრიენტისგან შედგება - ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. სამივე მაკრონუტრიენტი საჭიროა ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის და შეიძლება ითქვას, სამივეს წყარო ჰქონდა როგორც კოლხეთში, ისე იბერიაში. ორივე რეგიონში ცილების ძირითადი წყარო იყო ცხოველური ცილები, კერძოდ, ძროხა, ცხვარი და თხა.

ძროხა და თხა დასავლეთ საქართველოში იყო მოშინაურებული, ცხვრები პოპულარული აღმოსავლეთ საქართველოში გახლდათ. მომთაბარე მეცხოველეობას აღმოსავლეთ საქართველო მისდევდა, თუმცა მას გარკვეული როლი ჰქონდა დასავლეთ საქართველოშიც. დასავლეთ საქართველოს აქვს ბუნებრივი თავისებურებები, რომლებიც განასხვავებს კოლხეთსა და იბერიას არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ზოგადად უძველეს ხმელთაშუა ზღვისპირეთში.

ნათია ფიფია

ზომიერ ნოტიო კლიმატს აქვს დუალისტური რეზონანსი, რის შედეგადაც კოლხეთი ქმნიდა სივრცეს ენდემური, ევოლუციურად ადაპტირებული ფაუნისა და ფლორისათვის. სწორედ ამიტომ მოჰყავდათ იქ მაქსიმალურად მომგებიანი და სასარგებლო კულტურები. შემდგომში ამან ხელი შეუწყო ადგილობრივი, ავთენტური და ეგზოტიკური კერძების განვითარებას, თუმცა საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ამ გეოგრაფიულმა გარემომ გარკვეული სირთულეები შექმნა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადგილობრივი ფლორა ცხოველებისთვის საკვების კარგ წყაროს ქმნიდა, რომელსაც შეეძლო ადგილობრივი რაციონისთვის ცილის მიწოდება.

რაც შეეხება იბერიას, რომელიც კოლხეთზე უფრო მშრალია, ცილის წყაროები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახლდათ, რადგან საძოვრებიც ფართო ჰქონდათ.

რაც შეეხება ენერგიის წყაროებს. პირველ რიგში, აქ მარცვლეული გამოირჩევა. ნოტიო კლიმატმა ხელი შეუშალა მაგარი ხორბლის, ანუ თავთუხის, გავრცელებას დასავლეთ საქართველოში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავდა ხორბლის კოლხეთში ცენტრალურ კულტურად გარდაქმნას. მარცვლეული კულტურებიდან, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი და უფრო პროდუქტიული იყო ემერი, იგივე ასლი, რომელსაც კოლხეთი უძველესი დროიდან ამუშავებდა, სხვა კულტურები კი აქ ნაკლებად იწარმოებოდა.

ფოტო მომზადებულია AI-ის მიერ

მარცვლეულიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა, კოლხეთის ნოტიო კლიმატის გამო გეოგრაფიულად შეზღუდული ქერი იყო. ქერი, ისევე როგორც პური და ჭვავი, ასევე დასტურდება არქეობოტანიკური მასალებით. ფეტვის მსგავსი კულტურებიდან დასავლეთ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული იყო ორი სახეობა - პირველი სეტარია იტალიკა (ღომი) ხოლო მეორე - ფეტვი (Panicum miliaceum), თავისი ქვესახეობებით. ღომი ბუნებრივია ანტიკურ ხანაში საკუთრივ ღომის მცენარის ნაყოფისგან მზადდებოდა, რაც არქეობოტანიკური მონაცემებით საქართველოში ძვ.წ. VI საუკუნიდან დასტურდება.

უძველეს კოლხეთში ენერგიის კიდევ ერთი წყარო იყო თაფლი, რომელიც არქეოლოგიურადაც ჩანს და ნარატიული წყაროებიდანაც, კონკრეტულად ქსენოფონტი ახსენებს მათ, თუმცა, ის ახსენებს თაფლს, რომელსაც სიგიჟის გამოწვევა შეეძლო. კოლხეთში ხილსაც მიირთმევდნენ, რაც ასევე არქეოლოგიური მასალით დასტურდება, კონკრეტულად, მაგალითად, ლეღვს.

საინტერესოა, რომ კვების რაციონი სოციალურად განსხვავებულია. ზედა და ქვედა კლასების დიეტა განსხვავებული გახლდათ, რასაკვირველია, ქვედა ფენების საკვები უფრო ღარიბული ჰქონდათ, ზედა ფენებისა უფრო მდიდრული. საინტერესოა, ვანში, წარჩინებული მეომრის სამარხში გაკეთებული აღმოჩენა - მიცვალებულს შემწვარი გოჭი ჩაატანეს საფლავში.