ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება.
როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, მას ტელევიზორი ჩამოართვეს.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, "ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ "არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.