მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული. მანანა კობახიძეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.