აშშ-ის ჯორჯიის შტატში, Six Flags Over Georgia-ს გასართობ პარკში, “ამერიკულ მთებზე“ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, ხოლო პარკის ადმინისტრაციამ პრევენციის მიზნით აშშ-სა და კანადაში 9 ატრაქციონი დროებით დახურა.
კობის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა ატლანტადან დაახლოებით 24 კილომეტრში მდებარე Six Flags Over Georgia-ს პარკში მომხდარ ფატალურ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

სამართალდამცველებს ოფიციალურად არ დაუზუსტებიათ, თუ რომელ ატრაქციონზე მოხდა ინციდენტი, თუმცა ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ატრაქციონი “Goliath“ შუა გზაზეა გაჩერებული, ხოლო თანამშრომლები მგზავრებს ჩამოსვლაში ეხმარებიან.

Six Flags Over Georgia-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სიფრთხილის ზომების სახით აშშ-სა და კანადაში ცხრა ატრაქციონი დროებით დახურა. ოფიციალურ პირებს ჯერ არ განუმარტავთ, თუ რა გახდა ადამიანის გარდაცვალების ან სხვათა დაშავების კონკრეტული მიზეზი, ხოლო გარდაცვლილის ვინაობა ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ დაინახეს, როგორ გადმოვარდა მამაკაცი მოძრავი ატრაქციონიდან. ტელეკომპანია 11 Alive-ის ცნობით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მამაკაცი სავარძელს მოწყდა, შეეჯახა ატრაქციონს, სხვა მგზავრებს და შემდეგ იქვე მდებარე “მოჩვენებების სახლის“ სახურავზე დაეცა. მისივე თქმით, ეს საზარელი კადრი იმ ფოტოებზეც აღიბეჭდა, რომლებიც ატრაქციონის მოძრაობისას ავტომატურად გადაიღო.
ატრაქციონზე მყოფმა ცოლ-ქმარმა 11 Alive-ს დაუდასტურა, რომ მამაკაცი გადმოვარდა და ატრაქციონმა მას დარტყმა მიაყენა, თუმცა დასძინეს, რომ მოძრაობის დაწყებამდე პარკის თანამშრომლებმა მათი უსაფრთხოების ღვედები შეამოწმეს.

კიდევ ერთმა თვითმხილველმა, სიცი ნელსონმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ იგი “Goliath“-ზე ასასვლელ რიგში იდგა, როდესაც დაბრუნებულ ატრაქციონზე ცარიელი სავარძელი, მოშვებული უსაფრთხოების დამჭერი და სისხლში მოსვრილი გოგონა დაინახა. ერთი მამაკაცი პანიკაში იყო და ყვიროდა, რომ ატრაქციონიდან კაცი გადმოვარდა.
პარკის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამაშველო ჯგუფებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და გამოძიების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ.
Six Flags-ი ჩრდილოეთ ამერიკაში გასართობი პარკების უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში 20 ატრაქციონების პარკს, 14 აკვაპარკსა და 9 კურორტს ფლობს.