გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში 2012 წლიდან დღემდე ოფიციალურად ე.წ. ბავშვთა ქორწინების 358 შემთხვევა არის აღრიცხული, ამ იძულებითი ქორწინებებიდან იურიდიულად ჯერ მხოლოდ რვა გაუქმდა. ხელისუფლების ცნობით, დარჩენილი 350 შემთხვევის წარმოება კი “სხვა გზებით“ დასრულდა.
აღნიშნული მონაცემები AfD-ის დეპუტატების, ნიკოლაოს ბუტაკოღლუსა და ემელი კნორის მიერ, ბადენ-ვიურტემბერგის მთავრობისადმი გაგზავნილი შეკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი - მონაცემთა აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ტიუბინგენის რეგიონული სამმართველოა, ხოლო ოფიციალური პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა.
ჯერ კიდევ 2018 წელს გაუქმდა 14 წლის ავღანელი გოგონასა და 30 წლის მამაკაცის ქორწინება. 2024 წელს ამ სტატისტიკას კიდევ ორი შემთხვევა დაემატა: 16 წლის გერმანელი გოგონასა და 25 წლის პაკისტანელი მამაკაცის, ასევე 16 წლის სირიელი გოგონასა და მისივე თანამემამულე 27 წლის მამაკაცის ქორწინებები.
როგორც პარლამენტის წევრმა ნიკოლაოს ბუტაკოღლუმ ფეისბუქზე აღნიშნა, “ეს საკითხი მართლაც საშინელებაა, თუმცა საზოგადოებაში მასზე საუბარს ტაბუ ადევს.“
გერმანიაში 2017 წლის ზაფხულიდან მოქმედებს კანონი “ბავშვთა ქორწინებასთან ბრძოლის შესახებ“. რომელიც 2024 წელს ბუნდესტაგმა უცხოეთში დაქორწინებული არასრულწლოვანების დასაცავად მიიღო.
2023 წლის ჩანაწერებში 12 წლის ავღანელი გოგონას შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც 21 წლის ავღანელ მამაკაცზე იყო დაქორწინებული. სტატისტიკაში ასევე მრავლად გვხვდება 13 და 14 წლის გოგონათა ქორწინების შემთხვევები.
სამართლებრივად, გერმანიაში 14 წლამდე ასაკის პირები ბავშვებად ითვლებიან, ხოლო 14-დან 18 წლამდე - მოზარდებად. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად კი, 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ბავშვად მიიჩნევა. გერმანიაში დაქორწინების უფლება პირს მხოლოდ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ეძლევა. იძულებითი ქორწინება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსით ცალკე დანაშაულად არის კვალიფიცირებული.