სამართალდამცველებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 21 ჩხრეკა ჩაატარეს და ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქოლ-ცენტრები აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოტივით ფულს სძალავდნენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე რვა პირია დაკავებული.
მასშტაბური ოპერაცია ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის და ბალცის პოლიციის თანამშრომლებმა, ფულგერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მხარდაჭერით 9 ოქტომბერს ჩაატარეს.
გამომძიებლების თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის ყალბი პლატფორმები შექმნეს. ეჭვმიტანილები საერთაშორისო საინვესტიციო ექსპერტებად ასაღებდნენ თავს, კლიენტები მათი რეალური შემოსავლის შესახებ შეცდომაში შეჰყავდათ და შემდეგ დიდი თანხების გადარიცხვაში არწმუნებდნენ.
ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ამოიღეს ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები, დოკუმენტები, ბეჭდები და კომუნიკაციების ჩახშობის მოწყობილობები. გარდა ამისა, ერთ-ერთ ადგილზე ოფიცრებმა აღმოაჩინეს ტყუილის დეტექტორი, რომელსაც ორგანიზატორები დაქირავებული პერსონალის შესამოწმებლად იყენებდნენ.
სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალურმა ბიზნესმა ორგანიზატორებს უზარმაზარი მოგება მოუტანა. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ხუთი ქოლ-ცენტრიდან მხოლოდ ერთიდან თვეში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შემოდიოდა. რვავე დაკავებული წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება გრძელდება.