ავტორი:

ჩინეთში სიკვდილით დასჯიან 3 პირს, რომლებიც თაღლითური ცენტრების მართვაში არიან ბრალდებულები

ჩინეთში სიკვდილით დასჯიან 3 პირს, რომლებიც თაღლითური ცენტრების მართვაში არიან ბრალდებულები

სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ჩინეთის სასამართლომ ჩინეთის საზღვართან, მიანმარის კოკანგის რეგიონში, თაღლითური ცენტრების (ე.წ სქამ ცენტრების) ქსელის მართვაში ბრალდებულ დანაშაულებრივი დაჯგუფების სამ წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამასთან, ათობით სხვა პირს პატიმრობა შეეფარდა.

ბოლო ხანებში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს ის მასშტაბური დანაშაულებრივი ინდუსტრია, რომელიც ბოლო წლებში რეგიონში აღმავლობას განიცდის და რომლის მეშვეობითაც ადამიანებს მილიარდობით დოლარს სძალავენ.

ონლაინ თაღლითობებში ჩართული ადამიანების ნაწილი ნებაყოფლობით თანამშრომელია, ნაწილი კი ტრეფიკინგის მსხვერპლი უცხოელები (მათ შორის მრავალი ჩინეთის მოქალაქე), რომლებიც მოტყუებით ჩაიყვანეს სამუშაოდ და საპყრობილის ტიპის დახურულ კომპლექსებში ჰყავთ გამოკეტილი.

სასამართლოს ცნობით, დაჯგუფება ჩართული იყო ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, პროსტიტუციის ორგანიზება, უკანონო კაზინოების მართვა, სატელეკომუნიკაციო თაღლითობა და ჩინეთის სულ მცირე ორი მოქალაქის მკვლელობა.

ანალიტიკოსები ერთ-ერთ სიკვდილჯილ ვეი ჰუაირენის, იმ “ოთხი ოჯახის“ კლანის წევრად მოიხსენიებენ, რომლებიც კოკანგში კრიმინალურ სინდიკატებს მართავენ. ტელეკომპანიის ცნობით, დაჯგუფება 14 “ფართომასშტაბიან“ თაღლითურ კომპლექსს მართავდა და მაღალი ანაზღაურების ცრუ დაპირებებით მიანმარში ჩინეთის “დიდი რაოდენობით“ მოქალაქეს იტყუებდა.

  • CCTV-ის ინფორმაციით, პოლიციამ ასევე აღმოაჩინა რკინის ჯაჭვებით დაბმული მსხვერპლთა ცხედრები, რომლებსაც თავის ქალაზე ნატყვიარები ეტყობოდათ.

გაეროს განცხადებით ჩინური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური დაჯგუფებები კიბერთაღლითობის ცენტრების მეშვეობით წელიწადში ათობით მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ.

მიანმარის სუსტად კონტროლირებად სასაზღვრო ზოლში, 2021 წლის სამხედრო გადატრიალებით გამოწვეული სამოქალაქო ომის ფონზე, გიგანტურმა კომპლექსები წარმოიქმნა, სადაც ინტერნეტ-თაღლითები ადამიანებს ფინანსური თუ რომანტიკული სქემებით ატყუებენ. გაეროს შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით თაღლითურ ცენტრებში ასობით ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო თავად მიანმარში მდებარე ცენტრებმა უამრავი მუშახელი მიიზიდა როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ისე ჩინეთიდან.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მიანმარის სასაზღვრო რეგიონი ამ უკანონო საქმიანობის მთავარი კერად იქცა, არალეგალური ინდუსტრია უკვე გავრცელდა სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე.

წყარო