პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების თაობაზე პოსტს აქვეყნებს. მისი შეფასებით, პოლიტიკური მოვლენების მთავარი განმსაზღვრელი ახლა აშშ-ში დაგეგმილი არჩევნებია.
"ყველაფერი, რაც დღეს ხდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება აშშ-ში 3 ნოემბრის არჩევნებს. ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა, ბუნებრივია, ანერვიულებს ყველა ავტორიტარს, მათ შორის, პირველ რიგში რუსეთს და მის სატელიტებს. ამიტომ, ისინი ჩქარობენ, რათა 3 ნოემბრამდე მაქსიმალურად წინ წაიწიონ გავლენის სფეროების კონტროლის კუთხით, მათ შორის საქართველოში.
რუსეთს ესმის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, ტრამპს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ პუტინს რევერანსები უკეთოს, რადგან ეს შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით დასრულდეს. ამიტომ უნდა შეეცადოს, რომ სადაც ჯერ კიდევ შეუძლია, რუსეთის გავლენის სფეროში ინტეგრაციას შეუქცევადი ხასიათი მისცეს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაზე კარგად საქართველოში გამოსდის…" - წერს გია ხუხაშვილი.