ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტებისა და ახალგაზრდების საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. განათლების სისტემის გაუმჯობესების, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.

საპროტესტო ტალღა განათლების სამინისტროს შენობასთან დაიწყო, სადაც შეკრებილმა სტუდენტებმა უნივერსიტეტებში არსებული მძიმე პირობები, დასაქმების შეზღუდული პერსპექტივები და ახალგაზრდების ქვეყნიდან მასობრივი გადინება გააპროტესტეს. დემონსტრანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებს ყვიროდნენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვდნენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამინისტროს შენობას ქვები, კვერცხები და სხვა საგნები დაუშინა, დააზიანა დამცავი ღობე და ჩაამსხვრია ფანჯრები. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაპირისპირება მომიჯნავე ქუჩებსა და საღამოს საათებშიც გაგრძელდა, სადაც პროტესტის მონაწილეებმა ნაგავს ცეცხლი წაუკიდეს და საზოგადოებრივი თუ კერძო საკუთრება დააზიანეს.


პოლიციის მონაცემებით, დაკითხვაზე 23 დემონსტრანტი გადაიყვანეს, ხოლო დაპირისპირებისას 6 პოლიციელი და 1 ჟურნალისტი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ სცემენ და მიათრევენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, რამაც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ბრალდებები გააჩინა. სხვა კადრებში კი ასახულია, თუ როგორ ესვრიან დემონსტრანტები პოლიციას სხვადასხვა საგნებს.

მომხდარს ალბანეთის ჰელსინკის კომიტეტი გამოეხმაურა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ძალადობის გამო და პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ერვინ დემომ დაგმო პოლიციელებზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ პოლიციის ქმედებები კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს.
ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ ძალადობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური აქტორები ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
სტუდენტური საპროტესტო აქციები ქვეყანაში მიმდინარე უფრო მასშტაბური მოძრაობის - “ფლამინგოს რევოლუციის“ ფონზე იმართება, რომელიც 100 დღეზე მეტია, მაისის ბოლოდან მიმდინარეობს. აღნიშნული პროტესტი თავდაპირველად დაცულ სანაპირო ზოლში (ზვერნეცისა და ნარტას ჭარბტენიან ტერიტორიებზე) ფუფუნების ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეგმას მოჰყვა. აღნიშნულმა პროექტმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, რადგან იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო გეგმებს უკავშირდება.
დროთა განმავლობაში მოძრაობის მოთხოვნები გაფართოვდა და გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და კორუფციასთან ბრძოლა მოიცვა.
საინტერესოა, რომ დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბური არეულობის პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ედი რამა ლუქსემბურგში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების პროგრესზე საუბრობდა.