ავტორი:

“სტუმრებს ეუბნებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში, აშშ საბერძნეთის მთავრობას დაამხობდა“ - დიპლომატიური სკანდალი: ტრამპის ყოფილი სარძლო საბერძნეთში ამერიკის ელჩის თანამდებობიდან გადააყენეს

“სტუმრებს ეუბნებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში, აშშ საბერძნეთის მთავრობას დაამხობდა“ - დიპლომატიური სკანდალი: ტრამპის ყოფილი სარძლო საბერძნეთში ამერიკის ელჩის თანამდებობიდან გადააყენეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის ელჩს საბერძნეთში, კიმბერლი გილფოილს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უკავშირდება - 57 წლის კიმბერლის ფულის მოთხოვნასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეთი ზაქარიამ საჯარო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ გილფოილს თანამდებობის დატოვება სთხოვა.

თეთრი სახლის პრესმდივანი

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ “არ მოეწონა ის, რასაც კიმბერლიზე კითხულობდა“, სწორედ ამის გამო ელჩის პოსტზე მისი დარჩენა შეუძლებელი გახდა.

ტრამპის განცხადებას საფუძვლად დაედო ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ცნობები კიმბერლი გილფოილის შესახებ - მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებდნენ.

ბრალდებებს მალევე უპასუხა ადრესატმა. ტრამპის განცხადებიდან ორ საათში გილფოილმა სოციალურ ქსელ X-ში გადადგომის შესახებ ოფიციალური ცნობა გამოაქვეყნა. ბრალდებებს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ საკუთარი სახელისა და რეპუტაციის დასაცავად იბრძოლებს.

გილფოილის ადვოკატებმა, დავიდ შვარცმა და ჯესი ბინალმა, ასევე უარყვეს ბრალდებები და განმარტეს, რომ დონორებისგან მოთხოვნილი თანხა წარსულში გაწეული მომსახურების ანაზღაურება იყო, ხოლო კერძო თვითმფრინავებით მგზავრობა სახელმწიფო დეპარტამენტის წესების სრული დაცვით ხორციელდებოდა.

  • WSJ-ის სკანდალური გამოძიება - 100 000-დოლარიანი ვალები, კერძო თვითმფრინავები და მუქარა

გილფოილის წინააღმდეგ ბრალდებები გამოცემა The Wall Street Journal-ის სტატიების სერიას უკავშირდება. გამოცემის ცნობით, გილფოილი მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს ეუბნებოდა, რომ შეერთებულ შტატებს სურვილის შემთხვევაში საბერძნეთის მთავრობის დამხობა შეეძლო.

გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, იგი ლობირებდა ბერძნული მშენებლობისა და ენერგეტიკული კომპანიის ინტერესებს, ხოლო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან წვდომის სანაცვლოდ, ტრამპის ერთ-ერთ დონორს 100 000 დოლარიანი საკრედიტო ბარათის დაფარვა სთხოვა.

ბრიტანული The Daily Mail-იც იუწყებოდა, რომ მან ათენში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ურთიერთობა გააფუჭა და დიპლომატიური ეთიკის ნორმები დაარღვია.

  • მარკო რუბიოს რეაქცია და შიდა გამოძიება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თავდაპირველად თავი შეიკავა ბრალდებებზე საჯარო კომენტარისგან, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის აპარატმა გილფოილის წინააღმდეგ შესული საჩივრების წინასწარი შესწავლა დაიწყო.

აშშ-ის კონგრესში დემოკრატმა კანონმდებლებმა - გრეგორი მიქსმა, ჯინ შაჰინმა და რობერტ გარსიამ გილფოილის საქმიანობის ოფიციალური გამოძიება მოითხოვეს.

საბერძნეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, აშშ-ის ელჩი განმარტებებისთვის დაებარებინა.

  • ვინ არის დონალდ ტრამპის ყოფილი სარძლო კიმბერლი გილფოილი?

კიმბერლი გილფოილი ყოფილი პროკურორი და ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი წამყვანია. იგი წარსულში დაქორწინებული იყო სან-ფრანცისკოს ყოფილ მერზე (ამჟამად კალიფორნიის გუბერნატორზე) გევინ ნიუსომზე, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპის უფროს ვაჟზე, დონალდ ტრამპ უმცროსზე იყო დანიშნული.

საბერძნეთში ელჩის პოსტზე ყოფნისას იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ენერგეტიკულ საკითხებს, თუმცა ამ სექტორის წარმომადგენლებთან ზედმეტად ახლო კავშირები მისთვის სკანდალისა და თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა

წყარო