შეუძლიათ თუ არა ფუტკრებს ფიჭის აშენება გრავიტაციის გარეშე და როგორ იცვლება მათი ქცევა კოსმოსში? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 1984 წელს NASA-ს კოსმოსურ ხომალდ "ჩელენჯერზე“ დაახლოებით 3400 ფუტკარი გაგზავნეს. ექსპერიმენტმა მეცნიერებს საინტერესო შედეგები მისცა: მწერებმა ფიჭის აშენება შეძლეს, თუმცა უწონადობაში სივრცეში ორიენტაცია გაუჭირდათ.
ექსპერიმენტის იდეა ამერიკელ მოსწავლეს, დენ პოსკევიჩს ეკუთვნოდა. მას აინტერესებდა, შეძლებდნენ თუ არა ფუტკრები გრავიტაციის გარეშე ფიჭის აშენებას და შეინარჩუნებდნენ თუ არა უჯრედების ჩვეულ ექვსკუთხა ფორმას.
ამის შესამოწმებლად დაახლოებით 3400 მუშა ფუტკარი დედა ფუტკართან ერთად სპეციალურ ალუმინის კონტეინერში მოათავსეს. მას გამჭვირვალე სახურავი და საკვების მიმწოდებელი ჰქონდა.
კოსმოსში მოხვედრის შემდეგ მწერებს ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდათ. ისინი მიმართულებას კარგავდნენ, კონტეინერის კედლებს ეჯახებოდნენ და ზედაპირს ეჭიდებოდნენ. თუმცა რამდენიმე დღეში უწონადობაში ფრენას მიეჩვივნენ. ერთ მომენტში ფუტკრები ერთმანეთის მიყოლებით განლაგდნენ და დაახლოებით 25 სანტიმეტრის სიგრძის უწყვეტი ჯაჭვი შექმნეს.
ასტრონავტები პირდაპირი ეთერის დროს ხუმრობდნენ, რომ ფუტკრებს უწონადობა ადამიანებივით მოსწონდათ. ექსპერიმენტის ავტორი კი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ მწერები დავალებას წარმატებით ასრულებდნენ.
ერთკვირიანი ფრენის განმავლობაში ფუტკრებმა ცვილი გამოყვეს და დაახლოებით 200 კვადრატული სანტიმეტრის ფართობის ფიჭა ააშენეს.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ფიჭა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მკვლევრებმა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ უჯრედების დიამეტრი, სიღრმე და კედლების სისქე ჩვეულებრივი იყო. მთავარი განსხვავება კი მათ დახრილობაში იყო.
დედამიწაზე ფუტკრები ფიჭის უჯრედებს ოდნავ ზემოთ მიმართული დახრილობით აშენებენ. ეს თაფლის შენარჩუნებასა და კონსტრუქციის სიმტკიცეს ეხმარება.
კოსმოსში კი ფუტკრებმა მიმართულება დაკარგეს: ფიჭის ერთ მხარეს უჯრედები სახურავისკენ იყო მიმართული, მეორე მხარეს კი - იატაკისკენ. მეცნიერების შეფასებით, მწერებმა ფიჭის აშენების ჩვეული უნარები შეინარჩუნეს, თუმცა გრავიტაციის არარსებობამ მათ სივრცეში ორიენტირება გაურთულა.
ექსპერიმენტს კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი ჰქონდა: დედა ფუტკარმა დაახლოებით 35 კვერცხი დადო, მაგრამ არცერთი მათგანიდან ლარვა არ გამოიჩეკა.
ამჟამად ისტორიული ექსპერიმენტის კონტეინერი სმიტსონის მუზეუმში ინახება.