ავტორი:

მარაგები ვერ გიშველით: მეცნიერმა მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში გადარჩენის მთავარი საიდუმლო დაასახელა

მარაგები ვერ გიშველით: მეცნიერმა მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში გადარჩენის მთავარი საიდუმლო დაასახელა

კონსერვებისა და წყლის დიდი მარაგის დაგროვება შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს, თუ მსოფლიო მასშტაბური კატასტროფის წინაშე დადგება. ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მკვლევარი კეზია ბარკერი მიიჩნევს, რომ გადარჩენისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარების ცოდნა.

ამის შესახებ Daily Mail წერს.

პირველადი დახმარება და სხვადასხვა საქმის ცოდნა

  • ბარკერის თქმით, ადამიანმა უნდა ისწავლოს საგანგებო სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება, გარემოს შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი პირველადი დახმარების ცოდნაა.

"სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის, ადაპტაციისა და სხვადასხვა საქმის კეთების უნარი სინამდვილეში ყველაზე სასარგებლოა“, - ამბობს მკვლევარი.

საკვების მოყვანა და შენახვა

კატასტროფის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკვების მოპოვება იქნება. ბარკერი გვირჩევს, ვისწავლოთ საკვების მოყვანა, კონსერვირება და დამწნილება. ამისთვის საკუთარი ბაღი აუცილებელი არ არის - შესაძლებელია საზოგადოებრივ ბაღში ჩართვაც.

ეს ცოდნა ადამიანს დაეხმარება, უკეთ გამოიყენოს არსებული მარაგები და გაიგოს, რომელი პროდუქტები ფუჭდება სწრაფად და რომელი ინახება დიდხანს.

ველური მცენარეების ამოცნობა

გადარჩენისთვის სასარგებლოა ველურ ბუნებაში საკვებად ვარგისი მცენარეების ამოცნობისა და შეგროვების ცოდნაც. სპეციალურ კურსებზე შესაძლებელია ცეცხლის დანთების, წყლის გაწმენდისა და დროებითი თავშესაფრის მოწყობის სწავლა.

თუმცა ბარკერი აფრთხილებს მათ, ვინც მცენარეების ამოსაცნობად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს: ფოტოზე მცენარის არასწორად ამოცნობამ შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ ტექნოლოგიაზე დაყრდნობა სახიფათოა.

ხის დამუშავება და მარტივი ნივთების დამზადება

მკვლევარი სასარგებლო უნარებს შორის ხისგან კოვზების გამოთლასაც ასახელებს. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უმნიშვნელო საქმიანობად ჩანდეს, თუმცა ხის დამუშავების ცოდნა ადამიანს მარტივი ხელსაწყოების, ცეცხლის დასანთები ნაფოტებისა და კარვის სოლების დამზადებაში დაეხმარება.

ამასთან, ხეზე კვეთა დანის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ხელით ნივთების შექმნის უნარსაც ავითარებს.

ბარკერის აზრით, პრაქტიკული უნარები მხოლოდ შესაძლო კატასტროფის დროს არ გამოგვადგება - მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დევიდ გროსმა გლობალური კატასტროფის რისკის ზრდაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, კაცობრიობის განადგურების საფრთხე დაახლოებით 2061 წლამდე არსებობს. გროსი რისკის ზრდას გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებების შესუსტებასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირებს.