ავტორი:

ჩაშლილი სამხედრო ოპერაციები, შეზღუდული სიჩქარე და საერთაშორისო სკანდალი - SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის მუშაობა შეზღუდა: რა გახდა ამის მიზეზი?

ჩაშლილი სამხედრო ოპერაციები, შეზღუდული სიჩქარე და საერთაშორისო სკანდალი - SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის მუშაობა შეზღუდა: რა გახდა ამის მიზეზი?

კომპანია SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის გარკვეულ სერვისებზე შეზღუდვები დააწესა, რამაც უკრაინული ძალების სამხედრო ოპერაციები და დრონების მისიები შეაფერხა. შეზღუდვები განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა კიევზე საჰაერო დარტყმები გააძლიერა.

2022 წლის დასაწყისიდან Starlink-ი უკრაინული ძალებისთვის ფრონტის ხაზზე კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. თუმცა, ოთხშაბათს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ინტერნეტის შეზღუდვის შესახებ განაცხადეს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა Telegram-ზე დაწერა: “ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ, რამაც რამდენიმე მისიის ჩაშლა გამოიწვია“.

  • დაწესებული შეზღუდვის შედეგად, უკრაინულ მხარეს აღარ შეუძლია სამხედრო დანიშნულების პაკეტის გამოყენება საათში 100 მილზე (დაახლოებით 160 კმ/სთ) მეტი სიჩქარით გადაადგილებისას. შეზღუდვის გამო რამდენიმე ოპერაციის გაუქმების შესახებ განცხადება უკრაინის მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსმაც გავრცელა.

“ჩვენი დაკვირვებით, ფრენისას, სულ რაღაც 110–120 კმ/სთ სიჩქარის დროსაც კი, კავშირი 10–20 წამით წყდებოდა. დრონები მოძრაობას აგრძელებდნენ, თუმცა ამ შეფერხებების გამო მათი მართვა საგრძნობლად რთულდებოდა“, - აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

დაზუსტდა, რომ შეზღუდვა მხოლოდ სამხედრო პაკეტზე, StarShield-ზე გავრცელდა, თანაც ისე, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ. სიჩქარის ლიმიტმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ლოგისტიკა და დრონების ოპერაციები, რადგან უკრაინა Starlink-ზეა დამოკიდებული შორ მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად (ვინაიდან Starlink-ი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს).

  • რა გახდა SpaceX-ის გადაწყვეტილების მიზეზი?

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამ აიძულა SpaceX-ი უკრაინაში Starlink-ის წვდომა შეეზღუდა, რადგან ილონ მასკს გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, სერვისის შეფერხება უკავშირდება ვაშინგტონის მხრიდან კიევზე განხორციელებულ ზეწოლას, რათა უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს.

უკრაინელმა აქტივისტმა და მრჩეველმა სერგეი სტერნენკომ X-ში დაწერა, რომ SpaceX-მა ეს ზომები, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა, უკრაინას მოკავშირეებისგან მოსალოდნელი იერიშის შესახებ ჩვეული წინასწარი გაფრთხილება და სადაზვერვო მონაცემები არ მიუღია, რასაც შესაძლოა მსხვერპლის ზრდა მოჰყოლოდა.

“უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში არ მიუტანია, თუმცა ტრამპმა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკვე დაიწყო. პარალელურად კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემსუბუქდა“, - აღნიშნა სტერნენკომ.

SpaceX-ის ნაბიჯმა საერთაშორისო ასპარეზზე მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში ილონ მასკს მიმართა:

“ჰეი, ილონ მასკ, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები, თვალს გადევნებთ”, - დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.

პარალელურად, გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ზელენსკის მრჩეველმა აღნიშნა, რომ “ეს დამთხვევა ვერ იქნება“. კომპანია SpaceX-ს აღნიშნულ ბრალდებებზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუვრცელებია.

წყარო