იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმება „ძალიან სარისკო ნაბიჯია“, რომელიც ეწინააღმდეგება ძალისხმევას, აიძულონ ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა დანიშნოს „ავტორიტეტული ფიგურა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს; ამასთან, მან არ გამორიცხა ოფიციალური მანდატის მინიჭება ე.წ. E3-ის ჯგუფისთვის, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო შედიან.
„თუ საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად უკეთეს შედეგს მიაღწევენ, ვიდრე ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნებოდა შესაძლებელი - და ჯერჯერობით მათ სწორედ ეს გზა აირჩიეს - მაშინ, დაე მათ, სულ მცირე, ეს ყველას სახელითა და ოფიციალური მანდატით გააკეთონ“, - განაცხადა მელონიმ.
“რადგან, თუ აგრესორს მოწინააღმდეგის კაპიტულაციის მიღწევა შეუძლია, რაღაში სჭირდება მას მოლაპარაკება? უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს და გვთავაზობს, მშვიდობა არ გვექნება. ვისაუბრებთ ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა სტილის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რასაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში განიცდიდა”, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციის საკითხს - საუბარია დრონების შეჭრაზე, კიბერშეტევებზე, დივერსიებსა და სხვა ფარულ ოპერაციებზე, რომლებიც კიევისადმი მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს მიზნად.
„უნდა დავიცვათ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა: ენერგოსისტემები, წყალქვეშა კაბელები, პორტები, აეროპორტები და წყალქვეშა სივრცე, სადაც იტალიას განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.