ავტორი:

აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ - დაკავებულია ათობით ადამიანი, შეზღუდულია წვდომა Instagram-სა და TikTok-ზე

აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ - დაკავებულია ათობით ადამიანი, შეზღუდულია წვდომა Instagram-სა და TikTok-ზე

აზერბაიჯანში სკოლის ფორმის ტარების ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც, მათ შორის, "ზოგადი განათლების სეკულარიზმის პრინციპთან შეუსაბამო ელემენტებსაც“. კრძალავს. სექტემბრის ბოლოს მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ სკოლებში შემოწმება ჩატარდა, რასაც ჰიჯაბიანი მოსწავლეების გაკვეთილებიდან ჩამოშორება მოჰყვა.

  • საპასუხოდ, ბაქოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. სკოლის მოსწავლეებმა (მათ შორის ვაჟებმაც) ყველასთვის განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფა მოითხოვეს.

12 ოქტომბერს ბაქოში 37 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები “საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევას“ ცდილობდნენ. პარალელურად, მომხმარებლები ქვეყანაში ორ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელზე TikTok-სა და Instagram-ზე წვდომის შეზღუდვებზე საუბრობენ, თუმცა ხელისუფლებას დაბლოკვის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია.

ახალი რეგულაციები და პროტესტის ტალღა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ერთიანი სასკოლო ფორმის ახალი წესები 21 სექტემბრის დადგენილებით დაამტკიცა. დოკუმენტი კრძალავს “ტანსაცმლის ისეთი ელემენტების გამოყენებას, რომლებიც არღვევს დადგენილი ფორმის ერთგვაროვნებას“ ან ‘არ შეესაბამება ზოგადი განათლების სეკულარულ პრინციპს“.

  • კონკრეტულად ჰიჯაბის ტარება დოკუმენტში პირდაპირ მოხსენიებული არ არის, თუმცა 9 ოქტომბერს დაწყებული შემოწმებებისას თავსაბურავიანი მოსწავლეები გაკვეთილებიდან დაითხოვეს (მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება მსგავს ზომებს ოფიციალურად არ ითვალისწინებს). გამოცემა Jam News-ის ცნობით, თავსაბურავის მოხსნის მოთხოვნა მასწავლებლებზეც გავრცელდა.

ამ მოვლენებს ბაქოსა და სხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ზოგიერთ სკოლაში ჰიჯაბიან თანაკლასელებს სოლიდარობა ვაჟებმაც გამოუცხადეს და გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი თქვეს. ბაქოს საბუნჩის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში მოსწავლეები ქუჩაში პლაკატითა და ლოზუნგით გამოვიდნენ სადაც ეწერა: ‘ჰიჯაბი განათლების მიღებას ხელს არ უშლის“.

ეს აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ მიმართული პირველი პროტესტი არ არის. Jam News იხსენებს, რომ ანალოგიური აქცია 2011 წლის მაისში, განათლების სამინისტროსთანაც გაიმართა, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა. იმავე წელს დააკავეს აქტივისტი აბგიულ სულეიმანოვიც, რომელიც ცნობილი იყო ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლებით. მოგვიანებით მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებსაც იგი უარყოფდა.

ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსი, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ ჰიჯაბი არანაირ პრობლემას არ ქმნის, თუმცა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს “საკუთარი ხელისუფლების განსამტკიცებლად რადიკალური ისლამის ხატი სჭირდება“.

საპასუხოდ ხელისუფლების მხარდამჭერები აცხადებენ რომ “აკრძალვები ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება და უცხო სახელმწიფოების გავლენების თავიდან აცილებისკენაა მიმართული“

წყარო