ავტორი:

იტალიაში 2 ქართველი დააკავეს, რომელთაც ავტოფარეხში 90 000 ევროს მოპარული ნივთები უპოვეს - როგორ მიაგნეს კარაბინერებმა სამალავს და რას წერს მედია?

იტალიაში 2 ქართველი დააკავეს, რომელთაც ავტოფარეხში 90 000 ევროს მოპარული ნივთები უპოვეს - როგორ მიაგნეს კარაბინერებმა სამალავს და რას წერს მედია?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალაქ უდინეში სამართალდამცველებმა ავტოფარეხში მოპარული ნივთების დიდი სამალავი აღმოაჩინეს - ნაპოვნი ოქროს სამკაულებისა და ვერცხლის ნივთების საერთო ღირებულება 90 000 ევროს აღემატება. სამალავს პოლიციამ მას შემდეგ მიაგნო, რაც 29 სექტემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მორიგი ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე - 36 და 34 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების ყურადღება ჩხრეკისას აღმოჩენილმა გასაღებების აცმამ მიიპყრო. გამომძიებლებმა შეისწავლეს დაკავებულების გადაადგილება და ქალაქის ცენტრში მდებარე ავტოფარეხს მიაგნეს, სადაც მოპარული ნივთები ინახებოდა.

ავტოფარეხში აღმოჩნდა დაახლოებით 80 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები და 10 000 ევროს ღირებულების ვერცხლის ნივთები. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები და რადიოსიგნალების ჩამხშობი მოწყობილობები.

მათ შორის იყო ოთხი სპეციალური მოწყობილობა, რომლებითაც უსაფრთხოების საკეტების გახსნა კვალის დატოვების გარეშეა შესაძლებელი.

გამოძიების შედეგად ამოღებული ნივთების უმეტესობა უდინეში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის შემთხვევებთანაა დაკავშირებული. მოპარული ნივთების დიდი რაოდენობა სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე დაუბრუნეს. ნაწილის მფლობელები კი ჯერ კიდევ დასადგენია.

"უდინეში სახლის გაქურდვის შედეგად დაზარალებულებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამოღებულ ნივთებს შორის შესაძლოა მათი საკუთრებაც იყოს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კარაბინერების უდინეს ოპერატიულ დანაყოფს" - წერს იტალიური მედია.