ავტორი:

აბუ-დაბის მმართველი დინასტიის წარმომადგენელი ქალი ლონდონში უგონოდ იპოვეს - პრინცესას გვერდით 3 წლის ბავშვი იყო

აბუ-დაბის მმართველი დინასტიის წარმომადგენელი ქალი ლონდონში უგონოდ იპოვეს - პრინცესას გვერდით 3 წლის ბავშვი იყო

აბუ-დაბის მმართველი ოჯახის 32 წლის წარმომადგენელმა, პრინცესა მაჰრა ალ ნაჰაიანმა, კოკაინის მოხმარების შემდეგ ლონდონის ქუჩაში გონება დაკარგა. მის გვერდით სამი წლის ბავშვი იმყოფებოდა. შემთხვევა ივნისში მოხდა, დეტალები კი ოქტომბერში, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

  • გამოძიების ინფორმაციით, გამვლელებმა ალ ნაჰაიანი ტროტუარზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მის გვერდით უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა, ახლოს კი, გადატვირთულ გზასთან, სამი წლის ბავშვი ფეხშიშველი თამაშობდა. თვითმხილველებმა სამართალდამცველები გამოიძახეს და მათ მისვლამდე ბავშვთან დარჩნენ.

პოლიციელების მისვლის შემდეგ ქალთან კონტაქტის დამყარება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. გონს მოსვლის შემდეგ ის არაადეკვატურად იქცეოდა და მაშველებს უყვიროდა. კერძოდ, უკმაყოფილებას გამოთქვამდა: "ეს ხომ სასაკლაო არ არის, ასე რატომ გაღელვებთ?“

  • ჩხრეკისას მას ნარკოტიკების მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთები აღმოუჩინეს, თუმცა აკრძალული ნივთიერებები ვერ იპოვეს.

სასამართლოზე გაირკვა, რომ ალ ნაჰაიანი შემთხვევამდე რამდენიმე დღის განმავლობაში კოკაინს მოიხმარდა. მისმა ადვოკატმა, სტივენ ვულომ, განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს ქალს ნარკოტიკები არ მიუღია და გონება წინა დღეებში მოხმარების შემდეგ გამოწვეული "ძლიერი გადაღლის“ გამო დაკარგა.

მაჰრა ალ ნაჰაიანმა მშობლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულება აღიარა

დაცვის მხარის განცხადებით, ივლისიდან ის ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო ელიტარულ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამთვიანი პროგრამის დასრულებას, შემდეგ კი ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელებასა და ნარკოდამოკიდებულთა ანონიმური ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას აპირებს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ალ ნაჰაიანი მომხდარს ნანობს.

სასამართლომ ქალს ორი წლით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება და 6 000 ფუნტი სტერლინგის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სხდომაზე ისიც გაირკვა, რომ მას ყოველთვიურად 8 000 ფუნტის ოდენობის შემწეობა ერიცხება.

მაჰრა ალ ნაჰაიანი ალ ნაჰაიანების დინასტიის წარმომადგენელია. ეს ოჯახი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს საამიროს, აბუ-დაბის, მართავს. .

ნავთობის რესურსებითა და საერთაშორისო ინვესტიციებით გამდიდრებული დინასტიის ქონება 250 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.