ავტორი:

"უფრო მძიმე ნაბიჯებია მოსალოდნელი რუსეთისგან: შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დარტყმა... აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მხრიდან ჰიბრიდული სამხედრო მოქმედება..." - ლაშა ძებისაშვილი

"უფრო მძიმე ნაბიჯებია მოსალოდნელი რუსეთისგან: შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დარტყმა... აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მხრიდან ჰიბრიდული სამხედრო მოქმედება..." - ლაშა ძებისაშვილი

ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ ზეწოლის რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ და ხელისუფლებას და ოპოზიციურ სპექტრს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ცოტა ხანში, კიდევ უფრო დაიძაბება ურთიერთობები რუსეთთან და აფხაზებთან, რუსების ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრული სამხედრო მზადყოფნით უნდა ხვდებოდეს. ამას გარდა, ძალიან მომრავლდა ე.წ. ჩეჩენი ტურისტების რაოდენობა ხევსურეთსა და თუშეთში და სოცქსელებში ინტენსიურად მიდის ამ ტერიტორიების ჩეჩნეთთან კუთვნილების პროპაგანდა. ასევე, მიდის ისევ თურქი მესხების თემის წამოწევა მედია სივრცეში და სოცქსელებში.

მოკლედ, რუსული ზეწოლის, ანუ იგივე "ოცნებასთან“ ესკალაციის მონახაზი მეტ-ნაკლები სიზუსტით იკვეთება. ესაა ჯერ ეკონომიკური ზეწოლა, პროდუქციაზე ემბარგო. შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დარტყმა - რუსული გაზისა და დენის შემოტანის შეჩერებით და ბლექაუტებით, მით უფრო - ზამთარში.

შემდეგი ეტაპი იქნება აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მხრიდან ჰიბრიდული სამხედრო მოქმედება... შესაძლო მწვანე კაცუნების გამოჩენით ხევსურეთში, პანკისში ვითარების დაძაბვით (იქ კადიროვის მომხრეები/აგენტებიც მომრავლდნენ) და სამეგრელოში, ისევე როგორც ენგურჰესის დაკავების სახით.რუსების პირობა ერთი და ნათელია - აფსუების და ცხინვალის აღიარება ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერით და საოკუპაციო ხაზის საზღვრად ქცევა დელიმიტაცია-დემარკაციის დაწყებით. კითხვა მაქვს ამისთვის როგორ ვემზადებით დანარჩენი საქართველო. ხოლო ვისაც აქვს პოლიტიკური პარტიის, ან მოძრაობის პრეტენზია, კონსულტაციებზე მაინც იქნებ იფიქროთ“.

ამ საკითხებზე ანალიტიკოსი AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ ცოტა ხანში დაიძაბება ურთიერთობა რუსეთთან. რომ გაგვარკვიოთ, რა ხდება და რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ?

- უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ახლა გადასულია ფართომასშტაბიან გლობალურ შეტევაზე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე გლობალური მასშტაბით. გლობალური მასშტაბით, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ძირითადი გავლენა ტრამპზე და ტრამპის მეშვეობით უკრაინასა და დასავლეთზე, იგულისხმება მიაღწიოს თავის მიზნებს და ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ ის აგრძელებს ზეწოლას "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, რათა აიძულოს ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შეთანხმებას ცხინვალთან და სოხუმთან. ამასთან ერთად, დაიწყოს მათთან საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ეს არის მისი ოფიციალური პოზიცია, რაც არაერთხელაა გახმაურებული, მათ შორის, ჟენევის ფორმატის შეხვედრებში. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ უკვე სხვა ოფიციალური პირების მხრიდანაც პირდაპირი მოწოდებები, რომ დროა ქართულმა მხარემ რეალობას გაუსწოროს თვალი და დაიწყოს ამაზე მუშაობა. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯები, ანუ ესკალაციის რა ფორმატში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ თუნდაც ის, რომ რამდენიმე კომპანიას აეკრძალა თავისი პროდუქციის შეტანა რუსეთში, ეს ცალსახად პირველი მერცხალია და მინიშნება "ქართული ოცნებისთვის“, რომ თუ ასე გაჯიუტდებით და არ გაითვალისწინებთ ჩვენს მოთხოვნებს, კიდევ უფრო გავზრდით თქვენთან დაპირისპირების ხარისხს. ეს ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ქართული ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე რამდენჯერმეა გაზრდილი სხვადასხვა სექტორში - როგორც ენერგეტიკაში, ასევე სოფლის მეურნეობაში, საფინანსო სექტორში, ტურიზმში და ა.შ. გასაგებია, რომ რუსეთმა ეკონომიკაზე ზემოქმედების გაცილებით ძლიერი ბერკეტი შეიძინა, ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე, ამიტომ არის, რომ თუ "ქართული ოცნება“ რეალურად არ დაჰყვება რუსეთის მოთხოვნებს, საწყის ეტაპზე უნდა მოველოდეთ ეკონომიკური ბერკეტის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანად გამოყენებაზე.

ის არ იქნება მორგებული მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე, ან რაღაც პროდუქციაზე, არამედ შეიძლება ეს რამდენიმე სექტორს მოიცავდეს და შესაბამისად, როგორც 2006 წელს რუსეთმა უცებ ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო დაგვიწესა, ეკონომიკურ სფეროში დაახლოებით აქეთკენ მიდიოდეს რუსული ზეწოლა საქართველოზე. აი, ეს არის რეალურად, რასაც ვგულისხმობთ, რომ გაცილებით უფრო რადიკალური ნაბიჯებია მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა პერიოდში გადაიდგმება ეს ნაბიჯები, რა პერიოდში ჩაეტევიან რუსები, შესაძლოა, პირობითად, სამ თვეში მოაყოლონ ეს ნაბიჯები ერთმანეთს. საბოლოოდ, ისინი სრულფასოვან ეკონომიკურ ბლოკადაზე და სანქციებზე თუ გადავიდნენ, ეს გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მაგალითად მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვიცით რეალურად როგორია რუსული სტრატეგიული გათვლა ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ ჩემი ვარაუდით, რადგანაც ჩვენ, საქართველო ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში ვსხედვართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თანდათან ვიხილავთ ამ რუსული პოლიტიკის გაცილებით უფრო ხისტ ფორმას საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს იქნება გამოხატული იმაში, რომ რუსეთი გაცილებით უფრო მწარე ეკონომიკურ სანქციებს დაგვიწესებს.

- რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოში ჩეჩენი ტურისტების მომრავლებაში რა საფრთხეს ხედავთ, ამ კუთხით რა აქვს ჩაფიქრებული რუსეთს?

- ესკალაციის ფორმებს აქვთ თავისი ზღვარი და შესაბამისად, როცა ესკალაციისა თუ სანქციების ერთი ფორმა გამოყენებულია და მას შედეგი არა აქვს, ბუნებრივია, თამაშში შემოდის სხვა ბერკეტი, რომელიც უფრო ქმედითია კრემლის პერსპექტივიდან. ჩვენს შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგადად, როცა კრემლი კავკასიაში მოქმედებებს გეგმავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც მას გააჩნია და რაშიც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, არის კავკასიის ხალხის ერთმანეთს წაკიდება. საქართველოსთან მიმართებაში ეს გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, ანუ სეპარატისტული ტერიტორიების კიდევ ერთხელ გადაკიდებას საქართველოს მიმართ. მას აქვს ეს ბერკეტი და ამ ბერკეტს კიდევ ერთხელ აამოქმედებს იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, აფხაზები დაიწყებენ გაცილებით მეტ პრეტენზიას არა მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ, მაგალითად იტყვიან, რომ ენგურჰესი მთლიანად ჩვენია და შესაბამისად, ის ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ აფხაზები ზოგადად, თავიანთ განცხადებებში, ბოდიშით და, გატუტუცებულები და ზღვარდაკარგულები არიან, ჰგონიათ, მთლიანად დასავლეთ საქართველო და ქუთაისი მათია.

დაახლოებით მსგავს განცხადებებს ვხედავთ განსაკუთრებით გააქტიურებული ჩეჩნების მხრიდან, როცა მათ სოციალურ მედიებში სულ უფრო პირდაპირ არის მინიშნებები იმაზე, რომ კავკასიაში ოდესღაც არსებობდა გაცილებით დიდი ტერიტორია, რომელიც დასახლებული იყო ჩეჩნური ტომებით და ამ ტერიტორიებში შედიოდა მაგალითად, როგორც ხევსურეთი, ასევე თუშეთი. დადიან ე.წ. ჩეჩენი ტურისტები, ადგილობრივ მოსახლეობას ელაპარაკებიან და ცდილობენ ერთგვარი ილუზია შექმნან, რომ თითქოს ოდესღაც ხალხი აქ ორ ენაზე საუბრობდა და ისინი წარმოშობით ჩეჩნები იყვნენ. ისინი ამ თავიანთ პროპაგანდაში მიიჩნევენ, რომ ხევსურები, რეალურად, წარმოშობით ჩეჩნები არიან და უბრალოდ, მათი გაქართველება და გაქრისტიანება მოხდა. კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა მინდა, რომ სულ არ არის საჭირო, რომ თავისი ქვედანაყოფები გამოგზავნონ აქეთ. რუსული ნაციონალისტური გადმოსახედიდან, ისინი ვერაფერს უშვრებიან კადიროვს იმიტომ, რომ მას თავისი მინი არმია ჰყავს, რომელსაც ის არცერთ შემთხვევაში არ აპირებს უკრაინაში გაგზავნოს და იქ დაახარჯოს რუსეთს, ის მას თავისთვის იყენებს. სამაგიეროდ, ახლა რუსები ათამაშებენ ისეთ კარტს, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, აიძულებენ კადიროვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მაინც გააქტიუროს თავისი ე.წ. შეიარაღებული დაჯგუფებები და აქ მოუნახოს როლი კადიროვს იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ჩეჩნები და ქართველები გადაკიდოს. რამდენად წავა ამაზე კადიროვი, არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რუსული სპეცსამსახურები თუ მათი წარმომადგენლები, რომლებიც აქ ვითომ ტურისტების სახით დადიან და სოციალურ მედიაში რაღაც ვიდეორგოლებს აქვეყნებენ, ეს აშკარად ჩანს.

არ გამოვრიცხავ ე.წ. ჰიბრიდული ფორმატით ერთგვარი გასამხედროებული პირების, თუ ჯგუფების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე, თუ რუსეთი ამას ჩათვლის საჭიროდ იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს "ქართულ ოცნებაზე“. რუსების პირობა ერთია და ნათელი, რომ აფსუების და ცხინვალის აღიარება ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერით და საოკუპაციო ხაზზე დელიმიტაცია, დემარკაციის დაწესება. რუსებმა ძალიან, ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი წითელი ხაზი ტერიტორიული მთლიანობაა და თუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც სათავისოდ მოაგვარეს, მაშინ "ქართულ ოცნებას“ მარტივად უნდა ესმოდეს, რომ მისი ღირებულება, როგორც ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის არის ის, რომ მან ეს წითელი ხაზი არ გადაკვეთოს. როგორც კი "ქართული ოცნება“ ამ წითელ ხაზს გადალახავს, ჩათვალეთ, რომ მას დაკარგული ექნება ყველანაირი ღირებულება, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, ასევე თავად რუსებისთვის იმიტომ, რომ მთავარი მისია იქნება შესრულებული და რუსებს აღარ დასჭირდებათ "ქართული ოცნება“, თავისთავად. ანუ მათთვის მთავარი ამოცანაა ბოლომდე მიაწვნენ საქართველოს სახელმწიფოს სუსტ ხელმძღვანელობას (რომელიც განმარტოებულია მსოფლიო პოლიტიკაში, რომელსაც არავინ ჰყავს მხარდამჭერი და რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით და საზოგადოების მხრიდანაც აწყდება დიდ პროტესტს), რათა მიაღწიონ საბოლოო მიზანს და ეს არის რუსების ძალიან სწორი, ლოგიკური გათვლები. "ქართულ ოცნებას“ რამდენად აქვს გააზრებული ეს საფრთხე და ეს ხაფანგი, რაც მათთვის რუსეთმა მოამზადა, ეს უკვე სხვა საკითხია.

myquiz

- საქართველოს ინტერესების დაცვაში თავდაცვის სამინისტროს და ზოგადად, ხელისუფლების მზადყოფნა თუ გამოიხატება რამეში, გვაქვს ამის რესურსი და როგორ უნდა ვემზადებოდეთ?

- ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ სრული უნარი იმისა, რომ თავიდან ბოლომდე აღკვეთონ ისეთი საფრთხეები, როგორიცაა კადიროვი, ან აფხაზური, თუ ოსური სეპარატიზმი. უბრალოდ, ამ ყველაფერს სჭირდება გამბედავი ხელისუფლება, სწორად დასმული ამოცანები და ძალიან დიდი ეროვნული სოლიდარობა, რომელიც გააერთიანებს როგორც ხალხს, ასევე, როგორც დიდი სამხედრო თეორეტიკოსი კლაუზევიცი იტყოდა, დიდ ჯაჭვში და დიდ ბრწყინვალე სამებაში შეკრავს როგორც მთავრობას, ისე შეიარაღებულ ძალებსა და მოსახლეობას. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ეს ბრწყინვალე სამება დარღვეულია, ანუ ამ მხრივ არ არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი და არ არსებობს ეროვნული სოლიდარობა. ამიტომ ჯობია "ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ ქართულ საერთო ეროვნულ ერთიანობაზე იზრუნოს სავარაუდო დიდი საფრთხის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ერთი და იმავე დროს განხორციელდეს (და არა ერთმანეთის მიყოლებით). რუსები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ეს რაღაცნაირად დროის ერთ მონაკვეთში განახორციელონ - დაქსაქსონ და საქართველოს მაქსიმალურად გაუძნელონ ამ პრობლემების მოგვარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ჯარს აქვს სრული შესაძლებლობა და უნარი ამ ზომის საფრთხეები აღკვეთოს, აქ გადამწყვეტი იქნება ხელისუფლების დამაჯერებლობა, მზადყოფნა, გამბედაობა და, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერა, რაშიც მე სერიოზულ პრობლემებს ვხედავ.