პაკისტანის ქალაქ ფეშავარში გაკვეთილების მიმდინარეობისას სკოლის სახურავი ჩამოინგრა. დაიღუპა 28 ადამიანი - 27 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. დაღუპულთა უმეტესობა 13 წლამდე ასაკის ბავშვია.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, 45 ბავშვი გამოიყვანეს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დაშავებულებისთვის დახმარების დროულად გასაწევად ერთ-ერთ საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ტრაგედიას პაკისტანის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა დაავალა.
ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიების დაწყების განკარგულება გასცა.