"დღეს პირველი სასამართლო სხდომაა. ვინაიდან ბრალდებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეზე მუშაობს და მუშაობდა", - ამის შესახებ მოკლული 17 წლის ბიჭის, დავით ნარიმანიძის დეიდა, მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მხატვრიშვილი აღნიშნავს, საქმეზე დღეს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება.
"დღეს პირველი სასამართლო სხდომაა. ვინაიდან ბრალდებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეზე მუშაობს და მუშაობდა, განსაკუთრებით კი 3 ადამიანს: პროკურორებს - ბატონ ლევან ვეფხვაძესა და ქალბატონ ქეთი სონიძეს, ასევე, რა თქმა უნდა, გამომძიებელს - ბატონ ანზორ ჟამერაშვილს.
მაქსიმუმ 3-4 კვირაში გამოკვლეული ჰქონდათ ყველა საკითხი, მათ შორის ოჯახის მიერ დაფიქსირებული ყველა ვერსია, საქმეზე ჩაატარეს ათობით საგამოძიებო მოქმედება - კამერებიდან დაწყებული, უამრავი ექსპერტიზით დამთავრებული, სასამართლოში საქმე წაიღეს სრულყოფილად გამართული.
ასევე, ოჯახთან იყვნენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში და არა მხოლოდ საქმით, არამედ ადამიანური დამოკიდებულებითაც იყვნენ გამორჩეულები, შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ მადლიერების გამოხატვა მნიშვნელოვანია.
ამიერიდან მოსამართლის შინაგანი რწმენის იმედად ვართ - იმედია, არასრულწლოვნების მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების ფონზე, კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს მაინც გამოიყენებს", - აღნიშნავს მაკა მხატვრიშვილი.
არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.