"თეატრი სახელოსნო 42“ ბევრ ნიჭიერ და საინტერესო ახალგაზრდა მსახიობს აერთიანებს. მათ შორისაა თუთა ოქროპირიძე, რომელსაც საზოგადოება პოპულარული სერიალებიდან თუ პროექტებიდან იცნობს.
- ადამიანი სახელიდან იწყება და დავიწყოთ თქვენი სახელიდან...
- ოფიციალურად საბუთებში თათია ვარ, ისე - თუთა. ბავშვობაში მეძახდნენ - "თათი“-ს, "თათუთა“-ს, მერე შემოკლდა სახელი და დარჩა "თუთა“... სკოლაში, უნივერსიტეტში, სამედიცინო დაწესებულებებსა თუ სამსახურებში ასე ოფიციალურად მომმართავენ, მე კიდევ "თათია“ არ მომწონს. ის რაღაცნაირად ჩემი ბავშვობის, თინეიჯერობის იმ პერიოდის "თათიას“ უკავშირდება, რისი გახსენებაც, გულწრფელად რომ გითხრათ, არ მსიამოვნებს, რადგან ის პერიოდი არ მომწონდა.

- რატომ? რაიმე სტრესს ხომ არ უკავშირდება?
- ალბათ, კი. საკმაოდ რთული ბავშვობა გავიარე. მამა გარდაცვლილი მყავდა, ექვსი თვის ვიყავი, აფხაზეთის ომში რომ დაიღუპა... ფოტოებიც ძალიან ცოტა მაქვს და ფაქტობრივად, არაფერი ვიცი მამაჩემზე. ასე გავიზარდე. დედაჩემი 21 წლის იყო, რომ გამაჩინა, მამა - 23-ის. გავიზარდე დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან ერთად. მოკლედ, ქალების ოჯახში ვარ გაზრდილი.
აბანოთუბანში - ძველ თბილისში ვცხოვრობდით. 51-ე სკოლაში ვსწავლობდი. სახლიდან სკოლამდე საკმაო მანძილი იყო და ფაქტობრივად, ფეხით დავდიოდი მთელი 11 წელი. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ტრანსპორტის ფული არ მქონდა. მოკლედ, რთული მომენტები იყო და კარგად ვიცი, რას ნიშნავს გაკვეთილზე მშიერი ჯდომა და მერე სახლამდე მშიერი სიარული. გზად საცხობებს ჩავუვლიდი და ვერაფერს ვყიდულობდი, სახლში მისულსაც საჭმელი არ მხვდებოდა.

- რთული მოსასმენია... ე.ი. მამა ომში წასვლის შემდეგ მალევე დაიღუპა?
- ბებიაჩემისგან მახსოვს, წასვლიდან ოთხ დღეში დარეკეს, რომ მძიმედ იყო დაჭრილი და სადღაც ცხენის წყალთან იდგნენ... მოკლედ, იქ გარდაიცვალა... დაკრძალულია რაჭაში, საიდანაც იყო მამა წარმოშობით. წლების შემდეგ, უკვე საკმაოდ მოზრდილი ვიყავი და ქმარს გაშორებული, რომ შვილით რაჭაში ჩავედი და მოვძებნე მამაჩემის სახლი. მერე კი კითხვა-კითხვით მივედი მის საფლავზე... ძალიან უცნაური შეგრძნება იყო.
- მსახიობობა რომ გინდოდათ, ეს 51-ე სკოლაში სწავლისას გაარკვიეთ?
- უნდა ვთქვა, რომ 51-ე სკოლა ვერ დავამთავრე. მომიწია მე-12 კლასმა და მე-12-ში გავთხოვდი. მერე სკოლამ აღარ დამიშვა, რომ იქ მესწავლა, რადგან ეს სხვებისთვის იქნებოდა ცუდი მაგალითი. სხვა სკოლამ მიმიღო და ატესტატი იქ ავიღე. პარალელურად ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის, თან ორსულად ვიყავი. საერთოდ მსახიობობა სულ მინდოდა, სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, თეატრალურ უნივერსიტეტს რომ ჩავუვლიდი ხოლმე, ჩემს თავს ვეუბნებოდი - განსაკუთრებული უნდა იყო, რომ აქ ისწავლო. ეს ძალიან შორეული ოცნება იყო.
მოკლედ, რადგან ორსული ვიყავი, 2009 წელს, როცა ჩავაბარე, გაჩნდა ჩემი შვილი... ამიტომ ორსულობის გამო, შემოქმედებით ტურებზე ვერ გავიდოდი და გადავწყვიტე, ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩამებარებინა. ეს იმ იმედით, რომ მერე სამსახიობოზე გადასვლას მოვახერხებდი.

დრამის ფაკულტეტზე სამი კურსის დამთავრების შემდეგ გადავედი. გოგი თოდაძის ჯგუფში მოვხვდი. ქალბატონი ნატო ჩიტაია, მისი მეუღლე ჩვენი მეტყველების პედაგოგი იყო. მოკლედ, ავისრულე ოცნება. მერე ქმარს დავშორდი და მყავდა სამი წლის, მცირეწლოვანი შვილი. მე და ჩემი შვილი, კოსტა "თეატრალურში“ ხანდახან ერთად დავდიოდით. მიწევდა, რომ ბავშვი წამეყვანა ხოლმე და ჩემთან ერთად ყოფილიყო.
მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე, რადგან ბოლო კურსზე თანხის გადახდა ვერ შევძელი. მესამე კურსის ბოლოს გადაუხდელობის გამო სტუდენტური სტატუსი შემიჩერდა და როგორც თავისუფალმა მსმენელმა კურსი ასე დავამთავრე. სპექტაკლები ვითამაშე, მაგრამ დიპლომი არ ამიღია.
წელს კი თეატრალურ უნივერსიტეტში დავბრუნდი - ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, გავიარე თავიდან შემოქმედებითი ტურები იმისთვის, რომ მომავალ წელს ავიღო დიპლომი. ვაგრძელებ სწავლას და ახლა მაგისტრატურისთვისაც ვემზადები. მინდა, რომ მომავალი წლის სექტემბერში უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვიყო და მივდივარ საზღვარგარეთ. მინდა, რომ ცხოვრებაში ახალი რაღაცები ვცადო.
- ახლა ვისაუბროთ უშუალოდ თეატრზე და თქვენს გამოცდილებაზე ქართულ სცენაზე...
- პირველი ეს იყო თეატრალურ უნივერსიტეტში. ჩვენი კურსის შემთხვევაში ასე მოხდა, რომ "თავისუფალ თეატრთან“ შეთანხმებით, ჩვენმა ხელმძღვანელმა, გოგი თოდაძემ გადაწყვიტა, რომ საკურსოც და სადიპლომოც "თავისუფალ თეატრში“ გვეთამაშა და მერე რამდენიმე წლის განმავლობაში იქ ვთამაშობდით ამ სპექტაკლს. ეს იყო "მატყუარები“. სადიპლომო იყო - "თოლია“. შემდეგ გამიმართლა და რამდენიმე თეატრში ერთდროულად ვმუშაობდი.
- ახლა "თეატრი სახელოსნო 42“-ში ერთ სპექტაკლში "ამარკორდი“ ხართ... როგორ მოხვდით ამ თეატრში?
- სანამ ამ თეატრთან დავიწყებდი თანამშრომლობას, მე და ბატონი ლევანი მის პრემიერებზე შევხვდით. ვუთხარი, რომ სამომავლოდ მასთან მუშაობა მინდოდა და თუკი იქნებოდა რაიმე ადგილი, დავთანხმდებოდი. საბოლოოდ ასეც მოხდა. ეს ყველაფერი კიდევ იმას დაემთხვა, რომ ასევე ვთამაშობდი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან. ვიყავი სპექტაკლში "მე გადმოვცურავ ზღვას“. ასევე იტალიელი რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლში "სირანო უნდა მოკვდეს“ ვთამაშობდი. როცა "თეატრ-სახელოსნო 42“-ში მივედი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი უკვე გაჩერებული იყო.
ჩემი როლი "ამარკორდში“ ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს. ეს თეატრი მართლა ოჯახივითაა. გულღიად მიმიღეს და დიდი დანაკლისი შემევსო. პირდაპირ გადავეშვი მუშაობაში. სურვილი, რომ ამ თეატრში მოხვედრილიყავი, ასე ამიხდა.

სტუდენტობის დროს მოიაზრებ თავს სხვადასხვა თეატრში, ოცნებობ კონკრეტულ რეჟისორებთან მუშაობაზე და გეტყვით, რომ მიოცნებია ბატონ ლევანთან მემუშავა და ეს გამოცდილება მქონოდა.
ბატონ ლევანთან მუშაობაც როგორც წარმომედგინა, ზუსტად ისე მოხდა. იშვიათად ვიცნობ ასეთ ბუნებით კეთილშობილ ადამიანს. ისეთი მსუბუქია მასთან მუშაობა, იმდენი რამე იცის, იმდენ რამეზე გესაუბრება, გასწავლის და ისე საინტერესოდ, თან თავისი გურული იუმორით, რომ ძალიან სასიამოვნოა. მგონია, რომ კიდევ ერთხელ გამიმართლა.
ერთხელ, სკოლის მოსწავლე, ვირიკო ანჯაფარიძის სახელობის "ერთი მსახიობის თეატრში“ მოვხვდი. იქ მონოსპექტაკლს "ღამე და თუთიყუში“ დუტა სხირტლაძე თამაშობდა. სპექტაკლით მოვიხიბლე და ვოცნებობდი, ოდესმე დუტასთან ერთად მეც ვყოფილიყავი სცენაზე. ეს ოცნებაც ამ თეატრში ამიხდა. დუტასთან ერთად მომიწია სცენაზე დადგომა და ასევე იმ არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად, ვისთანაც ერთადაც "ამარკორდს“ ვთამაშობ.
- მართლაც, ამ თეატრის შეყვარება ამ შემადგენლობით მაყურებელმა უკვე მოასწრო...
- ასეა და თან ამდენი ახალგაზრდა მსახიობია დაკავებული... არა მარტო სპექტაკლები, ბატონი ლევანი მაყურებელს, დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა ვორკშოპებს, კურსებს სთავაზობს. გვაქვს ბარი თავისი პატარა სამზარეულოთი, სადაც მაყურებელს ძალიან უყვარს ყოფნა. სპექტაკლამდე 2 საათით ადრე მოდიან, რომ იქ დასხდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

- თამაშობდით პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები“. ეს რა გამოცდილება იყო თქვენთვის?
- დიახ, "ჩემი ცოლის დაქალები“ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. კონკრეტულ როლზე კასტინგი რომ ჩატარდა, პანდემიის პერიოდი გახლდათ. პერსონაჟს ერქვა თაკო. "შაგუ-ბანკის“ მმართველი, პიარი და მარკეტინგი იყო. რადგან პანდემია იყო, კასტინგზე ონლაინ გავაგზავნე ჩემი ვიდეო.
მერე დამიკავშირდნენ და მალევე დამამტკიცეს როლზე. ვიმუშავე რეჟისორ სოსო ბლიაძესთან, რაც ასევე საინტერესო იყო. თან, როცა ასეთი პოპულარულია სერიალი და ამდენი ადამიანი უყურებს, ყველას უნდა იქ გავლით მაინც მოხვდეს... უცებ რომ გირეკავენ და გამტკიცებენ და თან ისეთ დროს, როცა კორონას დამსახურებით არაფერი ხდება ქვეყანაში, ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს. დღესაც პოპულარულია ეს სერიალი. ადამიანები გარშემო მახსენებენ, - უი, შენ ხომ იქ თამაშობდი?!

მოვხვდი ასევე ქართულ სპორტულ-დრამატულ სერიალში "ბოლო სეზონი“. მისი კასტინგის შესახებ მეგობარმა გამაგებინა - იქნებ მიხვიდეო. მივედი და იქაც დამამტკიცეს. მასში მონაწილეობაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ხარისხიანი სერიალი აღმოჩნდა. აქაც ოთხი რეჟისორი ერთდროულად იღებდა და ოთხივესთან მომიწია სხვადასხვა მომენტში მუშაობამ. "ბოლო სეზონი“ ფეხბურთზე რომ არის, მაყურებელი ამანაც მიიზიდა.
- "მასტერშეფში“ რომ ჩაერთეთ, ე.ი. კერძების მომზადება გიყვართ?
- ამ პროექტზეც მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რეალითი შოუსთვის კასტინგია გამოცხადებული და იქნებ მიხვიდეო. საერთოდ ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა, კერძების მომზადება. როგორც ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, ეს ყველაფერი კარგად გამომდის... თან, კორონას კუდის მოქნევის პერიოდი იყო. საქმეც არაფერი მქონდა, არც თეატრი მუშაობდა. ჩავთვალე, რომ ეს პროექტი იქნებოდა შესაძლებლობა, რომ ისევ ჩავრთულიყავი რაღაცაში, რაც რაღაცნაირად ირიბად ჩემს პროფესიასთან ახლოს ვყოფილიყავი. რაღაცით იმ დანაკლისს შემივსებდა. მივედი და ვცადე, თუმცა, სინამდვილეში დიდი სტრესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოცდილება მქონდა სცენაზე დგომისაც და კამერებთან მუშაობისაც, მაგრამ რაღაც ეტაპამდე მაინც მივედი, გავუძელი სტრესს და დაძაბულობას.
- ცეკვავთ კიდეც - ცეკვა როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში და რა ადგილი უკავია მას?
- იქიდან გამომდინარე, რა პირობებშიც მე გავიზარდე, არაფერზე არ მივლია, თუმცა ყოველთვის მინდოდა, მევლო მხატვრულ ტანვარჯიშზე, ბალეტზე, სამეჯლისო ცეკვებზე, ქართულ ცეკვაზე. ჩემი მეგობრები რომ დადიოდნენ, მათ შევნატროდი. მოკლედ, ბავშვობაში ამ მხრივ არანაირი გამოცდილება არ მიმიღია. ამ საქმეში აქტიურად უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავერთე. ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძეს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ვცეკვავ. იქ იმდენი ნომერი იყო შესასრულებელი. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ცეკვის მთელ პროცესში მონაწილეობა.

- დიდი შვილი გყოლიათ...
- დედა-შვილს შორის თავიდანვე ისეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, რომელიც ყველაფერს ამარტივებს. ერთმანეთს ვუგებთ და ბევრ რამეში ვგავართ კიდეც. დიდი ბიჭია უკვე - 17 წლის. 18 წლის ასაკში შემეძინა, რის გამოც შეგრძნება მაქვს, რომ ერთად გავიზარდეთ. მომავალ წელს უნივერსიტეტში აბარებს, პარალელურად მეც მაგისტრატურაში ვაპირებ სწავლას, რაც სახლში კიდევ უფრო დიდ მხიარულებასა და აქტიურ გარემოს შექმნის.
მიმაჩნია, რომ ის ცხოვრებისეული სირთულეები, რაც 90-იან წლებში გამოვიარე, შემდგომ სამყარომ სრულად ამინაზღაურა. ჩემი შორეული ოცნებები რეალობად იქცა და სამომავლოდაც არაერთი საინტერესო პერსპექტივა და მიზანი გამოიკვეთა.