ავტორი:

"იატაკზე პირქვე დაეცა..." - რა კადრებს აქვეყნებს პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"იატაკზე პირქვე დაეცა..." - რა კადრებს აქვეყნებს პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მათივე განმარტებით, ადგილზე დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გამოცხადდა, თუმცა მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 15:15 საათზე გარდაცვალება დაფიქსირდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მომხდართან დაკავშირებით კი განვმარტავთ, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით). 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, კორიდორში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების კორიდორში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.

შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.