2025 წლის სექტემბერში, ნამიბიის უდაბნოში, ფოტოგრაფი ფედერიკო ვერონეზი უჩვეულო და ემოციური სცენის მომსწრე გახდა: სპილო, რომელსაც ხორთუმზე მკვდრადშობილი ნაშიერი ჰყავდა შემოხვეული, ჯოგთან ერთად გადაადგილდებოდა. ფოტომ 2026 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფის კონკურსის მთავარი პრიზი მოიპოვა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ისტორიას გაცილებით ღრმა შინაარსი ჰქონდა.
ვერონეზი რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა სპილოების ჯოგს. მისი თქმით, ნაშიერი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და მხოლოდ რამდენიმე საათის დაბადებული იქნებოდა. სპილო მას ხორთუმით ატარებდა, დროდადრო დასასვენებლად ან წყლისა და საკვების მისაღებად ჩერდებოდა, შემდეგ კი გზას აგრძელებდა.

"ეს იყო ინტიმური მომენტი, თითქმის ამაღლებული“, - იხსენებს ფოტოგრაფი. მისი თქმით, თავდაპირველად ეგონა, რომ დედა სპილო საკუთარ მკვდარ ნაშიერს დასტიროდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს ნაშიერი სხვა სპილოს ეკუთვნოდა.
ნამიბიაში სპილოების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის, Elephant Human Relations Aid-ის (EHRA), კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, კრისტინ ვინტერის განმარტებით, მდედრი სპილო ამჟამად 14 წლისაა. მან საკუთარი ნაშიერი ორი წლის წინ დაკარგა. მას შემდეგ კი სხვა სპილოების მკვდრადშობილი ნაშიერების ტარებისას ოთხჯერ შენიშნეს. ვინტერის თქმით, ამ რეგიონში მსგავსი ქცევა მანამდე არ დაუფიქსირებიათ.
ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა სპილოების ემოციებისა და მათი დანაკარგთან გამკლავების უნარის შესახებ.

რატომ ატარებდა ის სხვის ნაშიერს?
მკვლევრებს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ, თუმცა რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. ვინტერის ვარაუდით,"ეს შეიძლება დანაკარგთან გამკლავების ერთგვარი ფორმა იყოს. შესაძლოა, სპილო წარსულში განცდილ ტკივილს კვლავ განიცდიდეს და მსგავსი შემთხვევების დროს ამ ემოციას ხელახლა გამოხატავდეს. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ ის ნაშიერის სხეულის მტაცებლებისგან დაცვას ცდილობდა.
ვერონეზისთვის ეს აღმოჩენა ფოტოს მნიშვნელობას კიდევ უფრო ამძაფრებს. მისი აზრით, ამ ცხოველებს გაცილებით რთული ემოციური სამყარო აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია.