ავტორი:

სკოლის ჩამონგრევის შედეგად 33 მოსწავლე და პედაგოგი დაიღუპა - ტრაგედია პაკისტანში: სამსართულიანი შენობა მთლიანად ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო)

სკოლის ჩამონგრევის შედეგად 33 მოსწავლე და პედაგოგი დაიღუპა - ტრაგედია პაკისტანში: სამსართულიანი შენობა მთლიანად ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო)

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პეშავარში კერძო სკოლის სახურავის ჩამონგრევას საშინელი ტრაგედია მოჰყვა. საავადმყოფოს ოფიციალური პირების ცნობით, ნანგრევებში სულ მცირე 33 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა. ათეულობით ბავშვი დაშავებულია, რომელთაგან ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამაშველო სამსახურში შეტყობინება Dir Colony-ში მდებარე კერძო სკოლა Al-Khair-იდან ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 08:48 საათზე (03:48 GMT), გაკვეთილების დაწყებისთანავე შევიდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სკოლა დროებითი კონსტრუქციის შენობაში ფუნქციონირებდა.

პეშავარის პოლიციის უფროსმა მიან საიდმა დაადასტურა, რომ ჩამოინგრა სკოლის სამივე სართული. ზედა სართულზე 30-მდე მოსწავლე იმყოფებოდა, საშუალოზე - 40, ხოლო პირველ სართულზე 45 ბავშვი.

პოლიციის უფროსის განცხადებით, უხარისხო ფილებით აგებული შენობა გადატვირთული იყო და მასზე დაკისრებულ წონას ვერ გაუძლო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მეზობელი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ბავშვის ამოყვანა საკუთარი ძალებით შეძლეს.

“პირადად გამოვიყვანე ექვსი ბავშვი. უმეტესობა ცოცხალი იყო და ლაპარაკობდა, თუმცა მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ გარდაიცვალნენ. ირგვლივ ბევრი სისხლი იყო. ერთი ბავშვი საშინელ ტკივილს უჩიოდა, წყალს ითხოვდა“, - იხსენებს ადგილობრივი პედაგოგი.

პეშავარის Lady Reading-ის საავადმყოფოში 32 ბავშვისა და 1 მასწავლებლის გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო Naseerullah Khan Babar-ის მემორიალურ ჰოსპიტალში კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

პოლიციამ სკოლის მფლობელი უკვე დააკავა.

წყარო