ავტორი:

იერუსალიმის მახლობლად 2 000 წლის წინანდელი ის წყალსადენი აღმოაჩინეს, რომლითაც იესო ქრისტე სარგებლობდა

იერუსალიმის მახლობლად 2 000 წლის წინანდელი ის წყალსადენი აღმოაჩინეს, რომლითაც იესო ქრისტე სარგებლობდა

ახლახან, იერუსალიმის მახლობლად 2 000 წლის წინანდელი წყალსადენი (აკვედუკი) აღმოაჩინეს. ბიბლიის მკვლევართა თქმით, დიდი ალბათობით, სწორედ ამ წყალსადენის წყლით სარგებლობდნენ იესო ქრისტე და მისი მოწაფეები.

არქეოლოგებმა დასახლება “რამათ-რახელის“ სამხრეთით წარმოებული გათხრებისას უძველესი წყალსადენის დაახლოებით 300-მეტრიანი მონაკვეთი აღმოაჩინეს. წარსულში ამ აკვედუკს წყალი ბეთლემის მახლობლად მდებარე “სოლომონის აუზებიდან“ იერუსალიმის ტაძრის მთამდე მიჰქონდა.

ისრაელის სიძველეთა სამმართველოს განცხადებით, აკვედუკი თავდაპირველად ჰასმონეველთა დინასტიის მმართველობის ხანაში აშენდა და პერიოდული შეფერხებებით დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგაც კი გამოიყენებოდა.

წყლის ნაკადი გრავიტაციული ძალის ხარჯზე გადაადგილდებოდა და მეორე ტაძრის კომპლექსს მიეწოდებოდა, რომელიც იმ ეპოქის ებრაული რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. აქ წყალს რიტუალური განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის შემდგომი დასუფთავებისთვის იყენებდნენ. სწორედ ეს არის ის ტაძარია, საიდანაც ბიბლიური გადმოცემით, იესომ ვაჭრები და ფულის გადამცვლელები გააძევა და მათ მაგიდები გადააყირავა.

უძველესი აკვედუკი დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობამდე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ოფიციალური პირების განცხადებით სტრუქტურას პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებენ და მას დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მთავარ შესასვლელში ჩააშენებენ, რათა მნახველებს უძველესი საინჟინრო ხელოვნების საკუთარი თვალით ხილვის შესაძლებლობა მიეცეთ.

წყარო