მოქალაქე თამთა მჭედლიძე გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში გადაღებულ მძიმე კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ რა პირობებში უწევთ ლეკვებს და მოზრდილ ძაღლებს ცხოვრება.
როგორც “ქართლის ამბები“ წერს, თავშესაფარი ორ რეგიონს - შიდა ქართლს და სამცხე-ჯავახეთს ემსახურება.
“ვიღაც მაიმუნები იყვნენ, მინისტრის მოადგილის მძღოლი ვარო და ასე შემოვიდნენ. რა მდგომარეობაში არიან ლეკვები, კადრებს ჩვენ დავდებთ. ვერ შემოგიშვებთ"- ავრცელებს “ქართლის ამბები“ თავშესაფრის თანამშრომლის განცხადებას.
“მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო“ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ისინი განმარტავენ, გავრცელებულ კადრებში, გადაღების დროს სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. ამ პროცესში ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებული.
“ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა ცხოველების მიტოვების ფაქტები და შესაბამისად, მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში ყოველდღიურად ათობით ლეკვი ხვდება, რომელთა დიდი ნაწილი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად დედის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქეები ლეკვებს ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ, რაც მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ლეკვების გადარჩენის, გამოკვებისა და პირველადი ვეტერინარული დახმარების მიზნით ხდება მათი სააგენტოში გადაყვანა.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ გადაღების დროს სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. ამ პროცესში ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებული. აღნიშნული კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და გამოიწვია მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.
სააგენტო აქტიურად მუშაობს მიუსაფარი ცხოველების გაშვილების მიმართულებით. დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ სააგენტოში ვიზიტი და ცხოველების აყვანა. ლეკვების შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მათ უფასო სტერილიზაციასა და ვაქცინაციას.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ დატოვონ ცხოველები ქუჩაში და დროულად უზრუნველყონ მათი სტერილიზაცია/კასტრაცია და რეგისტრაცია. ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მფლობელის პასუხისმგებლობაა.
სააგენტო მზად არის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისთვის და მოუწოდებს მოქალაქეებს, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.