ავტორი:

“ვერ აღვწერ იმ საშინელ პერსპექტივას, რომელიც გვემუქრება - როგორც ილია ამბობდა: გამოფხიზლდით, გვარუსებენ, ყველაფერს ვკარგავთ!“ - გია ჯაფარიძე

“ვერ აღვწერ იმ საშინელ პერსპექტივას, რომელიც გვემუქრება - როგორც ილია ამბობდა: გამოფხიზლდით, გვარუსებენ, ყველაფერს ვკარგავთ!“ - გია ჯაფარიძე

“სიტყვებით ვერ აღვწერ საშინელ პერსპექტივას, რომელიც გვემუქრება. ჩათვალეთ, რომ ეს არის ბოლო თუ არა, ბოლოს წინა რგოლი იმისა, რომ დაასამარონ ამ ქვეყნის და ხალხის მომავალი“ , - ამის შესახებ დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი უნდა განიხილონ.

  • გია ჯაფარიძის თქმით, პარტიების აკრძალვის დაგეგმილი პროცესი და რუსეთის მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნები ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან “საზღვრის“ დადგენის თაობაზე, ერთმანეთთანაა კავშირში და სწორედ რუსეთს უნდა, რომ საქართველოში აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები.

გია ჯაფარიძე ფიქრობს, რომ პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელი მხოლოდ დასაწყისია, მის მიღმა საქართველოს დესუვერენიზაციისა და ერთპარტიულ დიქტატურად ქცევის გეგმა დგას, რაც ქვეყანას ევროპულ მომავალს წაართმევს და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანს.

ის ხაზს უსვამს, რომ “ქართული ოცნების“ ინიციატივები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკურ პლურალიზმს, არამედ აჩქარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცესს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

დიპლომატი საზოგადოებას მოსალოდნელი იზოლაციის, უვიზო მიმოსვლის გაუქმებისა და ჩრდილოეთ კორეის ტიპის რეჟიმის დამყარების საფრთხეებზე აფრთხილებს.

“ხალხი არის ისეთ ძილს მიცემული, რომ მგონი, ვერ ხვდებიან, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მომავალს უკლავს ძალიან დიდი ხნით. ახალი წლიდან “ქართული ოცნება“ რომც არ იყოს მმართველობაში, ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი, რომ დავბრუნდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა, პარტიების აკრძალვა არის ყვავილი, ის, რაც ზედაპირზე ჩანს და ამ ყვავილების ქვეშ, ფესვებში, ბევრად უფრო საშინელი ამბებია. სარჩელში გამოყენებულია წულუკიანის კომისიის სრულიად აბსურდული დასკვნა, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული, ეს სარჩელი არ აიქნება მხოლოდ პარტიების აკრძალვა. ამის ქვეშ არის საქართველოს დესუვერენიზაცია, დეზინტეგრაცია, ანუ აქ არის საქართველოს დაშლის გეგმა. ამ სარჩელთან ერთად, პარალელურად არის რუსეთის მოთხოვნა, რომ დაიწყეთ საზღვრის დადგენის პროცესი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. პარტიების აკრძალვის შემდეგ იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების დაჩქარებული პროცედურები. პარტიების აკრძალვა საქართველოს აქცევს ერთპარტიულ დიქტატურად.

ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება. ქვეყანა რომ გაწევრიანდეს, უნდა აკმაყოფილებდეს კოპენჰაგენში მიღებულ კრიტერიუმებს. პირველი არის პოლიტიკური კრიტერიუმები: ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატია, ძალაუფლება უნდა მოდიოდეს ხალხისგან, ქვეყანას უნდა მართავდეს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, რეგულარულად უნდა ტარდებოდეს არჩევნები, არჩევნებში უნდა არსებობდეს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობა. რასაც “ქართული ოცნება“ აპირებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ გათელვა, ეს ნიშნავს კონსტიტუციონალიზმის მოშლას, კანონის უზენაესობის გაუქმებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არის მიტაცებული. ეს ყველაფერი თუ არ არის, შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფო გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. თუ აქ დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა, საქართველო ხდება ისეთი სახელმწიფო, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა. რას გამოიწვევს ეს? ჩვენ იმდენად მოვწყდებით ევროპას, რომ ყველა ის სიკეთე, რაც დღეს ევროპასთან გვაკავშირებს: თავისუფალი ვაჭრობა აღარ გვექნება, ასოცირების შეთანხმება ვეღარ გვექნება. მითხარით, რომელ ავტორიტარულ, რომელ დიქტატორულ სახელმწიფოს აქვს ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლა, შეუძლებელია რომ უვიზო მიმოსვლა გქონდეს. მე რაც ჩამოვთვალე, თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რა ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს საქართველოში? მგონია, რომ პარტიების აკრძალვა, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რუსეთს უნდა, რომ აქ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ საშინელ პერსპექტივას, რომელიც ჩვენ გვემუქრება. ჩათვალეთ, რომ ეს არის თუ ბოლო არა, ბოლოს წინა რგოლი იმისა, რომ დაასამარონ ამ ქვეყნის და ხალხის მომავალი...

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, გამოფხიზლდით, როდემდე უნდა გვეძინოს, გვარუსებენ, ყველაფერს ვკარგავთ. გვიან გაიღვიძა მაშინ ქართველმა ხალხმა, ილია აღარ იყო მაშინ ცოცხალი და ასეთი გვიან გაღვიძება არ გამოგვივიდეს ახლაც და იმ გაღვიძებულზე შესაძლებელია არაფერი არსებობდეს, რასაც შეიძლება ჩავეჭიდოთ. შეიძლება ბოლო ფაზაში ვართ, მაგრამ გვაქვს ჯერ კიდევ შანსი“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვის შემდეგ დასავლეთის რეაქციას, გია ჯაფარიძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რეალურ საფრთხეს, ხოლო ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უნგრეთის პოზიციას ამოფარებული ბლოკავდა პერსონალურ სანქციებს, თუმცა ბოლო პროცესები მათ იძულებულს გახდის, თვალი გაუსწორონ რეალობას.

ჯაფარიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ ერთპარტიული სისტემის დამყარების მცდელობამ შესაძლოა საქართველო 90-იანი წლების მსგავს ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანოს, თუ ევროკავშირი ფინანსურ სანქციებს აამუშავებს.