15 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად "კაწროს“ დაკავების შესახებ, მალევე პროკურატურამ დამატებით ინფორმაციას გაავრცელა, რომ ორივე მათგანს ბრალი უკვე წარდგენილი ჰქონდათ, კიდევ ერთ დაკავებულ შოთა ყიფიანთან ერთად, - მათ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა შოთა ყიფიანი ვატო ყიფიანის ნათესავი.
პროკურატურა ციტირებს შსს-ს გამოძიებას და წერს, რომ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
47 წლის ვახტანგ (ვატო) ყიფიანი წლებია დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან - მის დოსიეში იყო საქმეები, რომელშიც მისი სახელი ჩნდებოდა და მედია აქტიურად წერდა ამის თაობაზე, თუმცა ოფიციალურად ამის დადასტურება არ მომხდარა. ასევე იყო საქმეები, რომელშიც მისი სახელი რეალურად ფიგურირებდა, მას აკავებდნენ, ასამართლებდნენ, თუმცა რატომღაც ყოველთვის მარტივად აღწევდა ციხეს თავს.
ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია ყიფიანის დაკავების თაობაზე, 2004 წლით თარიღდება. მას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: 109-ე, პეროვსკაიას ქუჩაზე ჩადენილი განზრახ მკვლელობა; მეორე - აეროპორტში იარაღისა და ნარკოტიკების ამოღება და მესამე - სოფელ ღვანკითის ეპიზოდი, სადაც მას იარაღი ამოუღეს.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მას მტკიცებულებების არარსებობის გამო მას განზრახ მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.
მეტიც, ამ შემთხვევაში ის თვითონ გამოცხადდა დაზარალებულად, ვინაიდან მისი ზურგიდან იმავე კალიბრის ტყვია ამოიღეს, რაც გარდაცვლილი დაცვის სამსახურის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის სხეულიდან, - მათ ერთი იარაღით ესროლეს. აეროპორტის ეპიზოდშიც გამართლდა, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ნარკოტიკები და იარაღი მისი იყო. საბოლოოდ განაჩენი იარაღის გადატანისთვის გამოუტანეს, ყიფიანი 2009 წელს უდო-ს კომისიის გადაწყვეტილებით, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. იმხანად, იწერებოდა, რომ ყიფიანი თავს ქურდული სამყაროს წევრად არ მიიჩნევდა. გათავისუფლების შემდეგ კი ის საქართველოდან წავიდა და უკრაინაში დაფუძნდა.
2011 წლის 22 მარტს ვატო ყიფიანი მოსკოვში დააკავეს.
იმჟამინდელი რუსული მედიის ცნობით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციას მიმართა მამაკაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეგობარი ვახტანგ ყიფიანმა გაიტაცა.
"18 მარტს ვატო ყიფიანმა თანამზრახველებთან ერთად მსხვერპლი ერთ-ერთ სასტუმროში მიიყვანა და იარაღის მუქარით 750 ათასი რუბლის ოდენობით ვალის დაბრუნება მოსთხოვა. პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მძევალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, გაათავისუფლეს, ხოლო ვატო ყიფიანი დააკავეს. როგორც ცნობილი ხდება მამაკაცი, რომელმაც პოლიციას მიმართა, არის 1994 წელს სნაიპერის მიერ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, ოთარ კვანტრიშვილის შვილი.
ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, 32 წლის ყიფიანი საქართველოში ერთ-ერთ მაფიოზურ კლანს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი უკრაინაში გადაბარგდა", - ვკითხულობთ იმჟამად რუსული მედიის მიერ მომზადებულ სტატიებში.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით იმხანად თბილისში მიმდინარეობდა დაკავებული "კრიმინალური ავტორიტეტების“ დავით გაგნიძისა და კახა მისირელის, აგრეთვე ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძის სასამართლო პროცესები, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ბიზნესმენისთვის 140 ათასი დოლარის გამოძალვა. ოფიციალური ინფორმაციით, "საქმე შეეხებოდა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. “მაზავშიკებთან” მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში “მოგებულებს” ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ კი, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი საბოლოოდ “ქურდულ "ოფშიაკში" იყრიდა თავს. სწორედ “სავალდებულო თანხის” გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ 40 700 აშშ დოლარი იქნა ამოღებული".
საბოლოოდ ყიფიანი ამ საქმიდანაც მშრალად გამოძვრა. წყარო
საინტერესოა, რომ იმხანად ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი ამბობდა, დემეტრაძე იმიტომ დასაჯეს, რომ მის ბინაში, კიევში ვატო ყიფიანი ცხოვრობსო.
წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ყიფიანი ბოლოს 2021 წელს, საქართველოში, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან გამოძევების შემდეგ დააკავეს.
საქმე შეეხებოდა კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთას, რის თაობაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 2020 წლის იანვარში განაცხადა.
გამოძიების მონაცემებით, შეკვეთილი მკვლელობა უკრაინაში დაგეგმეს, სავარაუდოდ, რამდენიმე "კრიმინალური ავტორიტეტის", მათ შორის ვატო ყიფიანის დავალებით.
დანაშაულის ჩამდენთა დაკავების სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა თბილისში, ბათუმსა და ხარკოვში. დაკავებულ იქნა საქართველოს ექვსი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისელი ძმების ლიკვიდაცია უკრაინაში დაიგეგმა და ის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.
საქართველოს პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის შესაძლო მოტივად 2016 წელს ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის გამო შურისძიება სახელდებოდა.

დაკავების შემდეგ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს პროკურატურა იმჟამად ამტკიცებდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მრავალი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის მის ჩადენილ დანაშაულსო. "ჩვენ გვაქვს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ასევე უკრაინიდან მიღებული ინფორმაცია“, - ამბობდა საქმის პროკურორი.
თუმცა მან მაინც მარტივად მოახერხა საკმაოდ მძიმე ბრალდებების მიუხედავად სასჯელისთვის თავის დაღწევა. მეტიც, ამის შემდეგ მედია ხშირად წერდა, რომ ის განსაკუთრებულად დაუახლოვდა "ქართულ ოცნებას" და მათი საქმეების მომგვარებლად იქცა.
შეგახსენებთ, 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა ბრალდებით.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელშიც ვატო ყიფიანის სახელი გახმაურდა.
ცნობილი ქართველი კალათბურთელი და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2002 წლის 22 იანვარს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის კიბეზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რვაჯერ ესროლა. მოკლულს სამი ჭრილობა ჰქონდა. იმჟამინდელი მედია, როგორც მის, ისე კახი ასათიანის მკვლელობაში ყიფიანის კვლას ხედავდა.
მკვლელობიდან მალევე გავრცელდა ვერსიები, რომ დანაშაული ყიფიანისა და დადიანის წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს და ფინანსურ უთანხმოებას უკავშირდებოდა, თუმცა დუდუ დადიანის მკვლელობის საქმე ოფიციალურად დღემდე გაუხსნელია. შესაბამისად, ოფიციალურად ვატო ყიფიანი ამ საქმეში ფიგურანტი არ ყოფილა.
2010 წელს "მაზავშიკების საქმის" გამოძიებისას, რომლის ფარგლებშიც იყო დაკავებული ფეხბურთელი დემეტრაძეც, ისევ ამოტივტივდა დუდუ დადიანისა და ვატო ყიფიანის სახელები ერთად, იმჟამინდელი სახელისუფლო არხები ამბობდნენ, რომ თითქოს შორს არ იყო დადიანისა და ასათიანის მკვლელობების საქმეების გახსნაც.
საინტერესოა, რომ 2010 წლის 9 ივლისს სრულიად საიდუმლო ვითარებაში დააკავეს დუდუ დადიანის საქმის გამომძიებელი ზვიად უზნაძე. ამის თაობაზე ინფორმაცია გაზეთ "კვირის პალიტრის" საარქივო მასალაში იძებნება. ამავე სტატიის მიხედვით უზნაძეს მამუკა მდინარაძე იცავდა.
"საქმე ის არის, რომ, ერთი ვერსიით, დუდუ დადიანის მკვლელს მკვლელობის ადგილზე ქუდი დაუვარდა. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ საქმიდან სწორედ ეს ქუდია გამქრალი და მის ნაცვლად სულ სხვა ქუდი დევს. რამდენიმე დღის წინ დაკავებულ გამომძიებელ ზვიად უზნაძეს ბრალად სწორედ დადიანის საქმეში ნივთმტკიცების გაყალბება ედება", - წერდა გამოცემა. წყარო
დღეს შექმნილი ვითარებით, უკვე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მხარდამჭერები ლაპარაკობენ მდინარესთან ყიფიანის კავშირებზე, შესაბამისად, ეს დეტალი ალბათ საინტერესო უნდა იყოს მთელ ამ სიტუაციაში.
"კვირის პალიტრა" ამავე სტატიაში იხსენებს 2005 წელს, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიზნესმენებთან გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე ვატო ყიფიანსა და მის შავ საქმეებზე გაკეთებულ განცხადებას:
"ჩვენ იმ სისტემაში ვცხოვრობდით, რომელშიაც ცნობილი ბოროტმოქმედი და მკვლელი ვატო ყიფიანი ციხიდან რეკავდა და იმ მოსამართლეებს ემუქრებოდა, რომლებმაც მასზე სანქცია გასცეს. ეს სულ რამდენიმე თვის წინ იყო.
1993 წელს კი მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი ბიძა, ჯიმი ყიფიანი დაანიშვნინა. ასე რომ, უზენაეს სასამართლოს ცნობილი კრიმინალის ბიძა მართავდა. რეალურად ქურდები მაშინ ქვეყანას უძღვებოდნენ, სამინისტროებიცა და მთავრობაც მათ ხელში იყო".
იხილეთ ასევე: