"როგორ გაუფასურდა დღეს რამის შექმნა. მელოდიასაც ჰყავს ავტორი და სიმღერასაც, მაგრამ ამ ანსამბლის სავიზიტო ხელწერაა "გლეხი” ადამიანების “მიწიხვლა” და მათი შრომის სანაგვეზე მოსროლა. ჩალის ფასი აქვს ასეთ ანსამბლში ცეკვას! თუკი ხმა მიგიწვდებათ და აქ მყავს ანსამბლ "ერისიონში“ მოცეკვავეები, იცოდეთ მაინც: "მადელ მო ბარალო”- არააა ხალხური, მას ჰყავდა ძვირფასი ქალბატონი ავტორი - ანიკო უშარაული.
ეს მელოდია კი, ძველი თუშური მელოდიაა, უამრავ სიმღერას რომ მოარგეს. მელოდია შექმნილია “ათხა ლომრენა” ლექსზე. "ქალაის” დარქმევით არ “პრავდება” რაღაცეები, არც ფორმაა თუშური, არც ილეთები, რაც არ უნდა გაათანამედროვო, ის სული უნდა დატოვო რაც ამ თუშურ კომპოზიციას უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასე წაკრული "კასინკა”თუშ ქალებს არ ჰქონიათ და თუკი ეროვნულ საქმეს აკეთებ, ბოლომდე ეროვნული უნდა იყოს", - წერს თამარ ჯამარიშვილი, თუშეთის - წოვათის თემის საინფორმაციო კულტურული ცენტრის თანადამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
თამარი ამ პოსტით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ანსამბლ "ერისიონის" მიერ შესრულებულ საკონცერტო ნომერს გამოეხმაურა.
- მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ წოვათის თემის საინფორმაციო კულტურული ცენტრი, რომელიც ზრუნავს, წოვათუშური ენა არ გაქრეს. ვასწავლით ფოლკლორს, ენას, უამრავ რამეს ვიწერთ. ასაკოვანი ადამიანების ნაამბობს ვაარქივებთ, ვაქვეყნებთ, ქართულ ენაზე ვთარგმნით.
- ქალბატონო თამარ, თქვენ იოსებ ლონგიშვილის შვილიშვილი ხართ და ანსამბლ "ერისიონთან“ დაპირისპირება ოჯახს ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა, სიმღერის "შატილის ასულოს“ გამო...
- დიახ, ეს ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია იყო. მოგეხსენებათ, პაპაჩემის ლექსია "შატილის ასულო“, რომელიც ანსამბლმა გაახალხურა. ბოლოს სასამართლოში გავიმარჯვეთ, მაგრამ… უსინათლო პაპა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, განაჩენი ვერ გაიგო. ბებია გადაჰყვა ამ ამბავს და ეს არის გამარჯვება?! ადამიანებს არ უნდა ანადგურებდეს საკუთარი ოფლით ნაშრომი! ჩვენი ოჯახისთვის ეს დიდი, მოუშუშებელი ტკივილია.
მე ის ბავშვი ვარ, რომელიც სიმართლისთვის ბრძოლაში გაიზარდა და სიტყვა "ერისიონზეც“ კი ტანში მცრიდა, მახსენდებოდა პაპას უსინათლო თვალები და ჩამქრალი სახე, ბებიაჩემის მძიმე სუნთქვა და შიში, რომ პაპაჩემს არ გაეგონა ტელევიზორიდან სიტყვა "ერისიონი“.
სულ ჩუმად ვსაუბრობდით ამაზე და არც ვიცი, რისი გვეშინოდა. რისიც უნდა შეგვშინებოდა, უკვე მომხდარი იყო, როდესაც სიმღერა "შატილის ასულო“ წაიღო ანსამბლმა საფრანგეთში და გაახალხურა, მიყვებოდნენ თუ როგორ შემოუსხდნენ პაპა, ბებია, დედა ტელევიზორს და პაპა სიხარულით ელოდა, რომ უნდა გამოეცხადებინათ, ლექსი ეკუთვნის - იოსებ ლონგიშვილსო და რა თავზარდამცემი იყო, რომ თქვეს, ხალხურიაო.
მე მახსოვს შემდეგი მოვლენები, როგორ იბრძოდა ბებია სასამართლოში, ლამის მთელი სოფელი იყო ამ ამბებში ჩართული. დედაჩემი დღემდე იმდენად დიდ ემოციებშია, არ შეუძლია ამ ყველაფრის გახსენება. ბევრ ინსტანციაში წავაგეთ და უზენაეს სასამართლოში რომ მოვიგეთ, ბებიას სიტყვები იყო, მოვიგეთ, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, გთხოვთ, ამაზე აღარ ვისაუბროთო. იმდენად მძიმე იყო ოჯახისთვის, ვეღარც ვსაუბრობდით.
- ამჯერად რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?
- დღეს, როდესაც ეს კომპოზიცია, “ქალაი” მოვისმინე, ძალიან ცუდად იმოქმედა. ამდენი კვლევის შემდეგ, ბევრი რამ გამეგება ფოლკლორში. ჩვენი ცენტრი შეძლებისდაგვარად ვიკვლევთ თუშურ ლექსებს, მელოდიებს და ვცდილობთ მოვძებნოთ ავტორები. სათაური "ქალაი“ იმიტომ დაარქვეს, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, "გაპრავდეს“ ბოლომდე, თუშური არ ერქვას. ამის ავტორი არის ანიკო უშარაული, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს დედასთან ერთად გააციმბირეს.
რაც შეეხება მელოდიას, რომლითაც ეს ცეკვა იწყება, მელოდია არის ძველი წოვათუშური ანსამბლის ნამღერი, სადაც ასევე უზარმაზარი ტრაგედიაა. თუშ ბებიას ზვავმა წაართვა მთელი ოჯახი, მატყლით ართავს წინდებს და მეცხვარეებს ატანს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წილად გქონდეთო, ამ ლექსზეა მელოდია შექმნილი. მჯერა, რომ ამ ტექსტს აუცილებლად ჰყავს ავტორი და ახლა ამის კვლევა-ძიებაში ვართ.
არ შეიძლება აიღო ფოლკლორული ნიმუში, რომელიც ძალიან მძიმეა თუში ხალხისთვის და ასე საქეიფო, და ფანოღი გახადო! თუშური საცეკვაო მელოდიებიც კი ძალიან მძიმეა. ჩვენ სამხიარულო მელოდიები თითქმის არ გვაქვს, რადგან თუშ ხალხს სამხიარულოდ იშვიათად ეცალათ, როცა ეს მელოდიები და ტექსტები იწერებოდა.
რატომღაც მგონია, რომ ანსამბლ "ერისიონში" ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ეს ხომ მათი ხელწერაა?! მათი სავიზიტო ბარათია, რაც მოესურვებათ, გაახალხურონ, გამოიყენონ, რაღაც ცეკვა შეასრულონ. მე აბსოლუტურად არ ვეხები ქორეოგრაფიას, რადგან ცეკვა არ ვიცი, მაგრამ ვეხები იმას რაც ვიცი! თუმცაღა ცეკვას რაც შეეხება, უამრავ ნიუანსზე შემიძლია ყურადღება გავამახვილო.
იმ სამი თითის მოძრაობას, რაც ცეკვაშია, ჩვენთან აბსოლუტურად სხვა დანიშნულება აქვს. არ შეიძლება ტრაგიკულ სიმღერაზე ასე ერთი ხელის მოსმით ცეკვა დადგა. "ერისიონის“ მოცეკვავეებს სულ ეცეკვებოდეთ, ძალიან კარგად მესმის მათ ხელოვნების მიღმა რამდენად მძიმე შრომაა, მაგრამ უღირთ ასეთ ანსამბლში ყოფნა, რომელმაც თუნდაც ერთი ოჯახი გაამწარა და უსინათლო კაცი იმქვეყნად ისე გაუშვა, რომ განაჩენი ვერ გაიგო?!
ის სიმღერა, რომელიც თავის ოფლით დაწერა და თავის სატრფოს მიუძღვნა, ანსამბლმა გაახალხურა, ავტორი არ ახსენა. ბაბუაჩემის ერთადერთი მოთხოვნა იყო, ავტორი დაესახელებინათ. ამასაც კი კუდები გამოაბეს და იმდენი ისაუბრეს, ბოლოს აღარც კი გვინდოდა ამ ამბის ხსენება. აღარ გვიღირდა ბევრი რამ, მაგრამ სიმართლე უნდა დამტკიცებულიყო! მთელ ჩემს შეგნებულ ცხოვრებას იმას მივუძღვნი, რომ თუშეთში არცერთი ავტორის ლექსი არ გახალხურდეს.
ისეთმა თვითმარქვიებმა, როგორიც "ერისიონია“ არ მიაწერონ ხალხური. აღარც ვიცი რა ვთქვა, იმდენად გავნერვიულდი, ეს ცეკვა რომ ვნახე!
მაინტერესებს ანსამბლმა "ერისიონმა ვის ჰკითხა "მადელ მო ბარალო”- ემღერათ? სად მოიძიეს, რომ ეს ხალხური იყო? მაგალითად ზემო ალვანში არსად არ ჩამოსულან და არ უკითხავთ. რით იხელმძღვანელეს? ჩვენს ცენტრს ეკითხებიან ასეთ საკითხებს და ჩვენთვის არავის მოუმართავს.