ავტორი:

ნარკოტიკების სკანდალში გახვეული პრინცესა, მონობაში მყოფი მსახურები და წამება - აბუ დაბის სამეფო დინასტიის დაუჯერებელი ამბები

ნარკოტიკების სკანდალში გახვეული პრინცესა, მონობაში მყოფი მსახურები და წამება - აბუ დაბის სამეფო დინასტიის დაუჯერებელი ამბები

ბოლო დროს, აბუ-დაბის სამეფო ოჯახი არაერთ სკანდალში გაეხვა - ნარკოტიკებთან დაკავშირებული შემთხვევიდან დაწყებული, მსახურების მონობის ტოლფას პირობებში ყოფნითა და წამების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით დამთავრებული.

პრინცესა ნარკოტიკების სკანდალში

აბუ-დაბის სამეფო ოჯახთან ქორწინებით დაკავშირებული 32 წლის მაჰრა ალ ნაჰიანი ლონდონის ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის კოკაინის მიღების შემდეგ ცუდად გახდა. იქვე, ფეხშიშველი ქალის სიახლოვეს, მისი სამი წლის ბავშვიც იმყოფებოდა. ქალმა მოგვიანებით აღიარა, რომ ბავშვზე სათანადოდ არ ზრუნავდა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, შემთხვევა ივნისში მოხდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ლონდონის ქუჩაზე, რკინის მოაჯირთან ფეხშიშველი ზის. მის გარშემო ბავშვის სათამაშოები, მათ შორის სკუტერი და სათამაშო თვითმფრინავი გდია.

  • პროკურორის, რიო პალავანპურის თქმით, დაახლოებით 13:50 საათზე გამვლელმა შენიშნა, რომ ბავშვი ქუჩაში, ფეხშიშველი და უყურადღებოდ იმყოფებოდა, სკუტერით თამაშობდა და მოძრავ ავტომობილებთან სახიფათოდ ახლოს მიდიოდა.

სასამართლოს განუცხადეს, რომ მაჰრა ალ ნაჰიანი ნარკოდამოკიდებულების გამო კერძო სარეაბილიტაციო ცენტრში, The Priory-ში მკურნალობდა. ქალს ყოველთვიურად 8 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა ერიცხებოდა. მას ბავშვის უგულებელყოფის ბრალდებით ორწლიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო დააკისრეს, ასევე 5 000 ფუნტით დააკისრეს ჯარიმა და დამატებით 1 000 ფუნტი - სასამართლო ხარჯების სახით.

თუმცა ეს აბუ-დაბის მმართველი ოჯახის გარშემო არსებული სკანდალებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. დინასტიის ისტორიაში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ბრალდებები და წამებასთან დაკავშირებული გახმაურებული სასამართლო საქმეც ფიგურირებს.

წამების ვიდეო

2009 წელს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, შეიხ ისა ბინ ზაიედ ალ ნაჰანი ავღანელ მარცვლეულით მოვაჭრე მოჰამედ შაჰ პურს სასტიკად აწამებს.

ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრის შეიხი ავტომატური იარაღიდან მსხვერპლის გარშემო, როგორ იყენებს მის წინააღმდეგ ელექტროშოკის მოწყობილობას და ლურსმნებიან ფიცარს. ასევე, მას ბრალად ედებოდა მამაკაცზე მერსედესის ჯიპით გადავლა, სასქესო ორგანოებზე სანთებელას სითხის დასხმა და ცეცხლის წაკიდება, შემდეგ კი ჭრილობებზე მარილის მოყრა.

შეიხ ისა ბინ ზაიედ ალ ნაჰანი

მიუხედავად ვიდეოს გავრცელებისა, ისა ბინ ზაიედი გაამართლეს და უდანაშაულოდ ცნეს. ამერიკელი ბიზნესმენი ბასამ ნაბულსი, რომელმაც ვიდეო ფარულად გაიტანა, დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს ნარკოდანაშაულში, ასევე მას ბრალად დასდეს ვიდეოს ჩაწერა, გავრცელება და შანტაჟი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლების განცხადებით, საქმე კერძო შეთანხმებით მოგვარდა და პოლიციამ შესაბამისი პროცედურები დაიცვა.

ისა ბინ ზაიედი შეიხ მანსურის ნახევარძმაა. მანსური „მანჩესტერ სიტის“ მფლობელია. ისას ერთ-ერთი ძმა კი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

პრინცესები მსახურების ექსპლუატაციისთვის გაასამართლეს

2017 წელს ბელგიაში რვა პრინცესა - შეიხა ჰამდასა და მისი შვიდი ქალიშვილის ჩათვლით - ადამიანით ვაჭრობისა და ძალადობის საქმეზე გაასამართლეს. საქმე 2008 წელს ბრიუსელის „კონრადის“ სასტუმროში 20-ზე მეტი მსახურის მიმართ მოპყრობას ეხებოდა. სასამართლოს თანახმად, ისინი მონობის მსგავს პირობებში იმყოფებოდნენ.

მსახურებს, გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება, საჭმელად ნარჩენებს აძლევდნენ, იატაკზე ეძინათ და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად უნდა ყოფილიყვნენ სამუშაოს შესასრულებლად. ერთ-ერთ მათგანს სამი დღის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მისცეს.

რვავე პრინცესას 15-თვიანი პირობითი პატიმრობა და თითოეულს 139 600 ფუნტის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა. ისინი სასამართლო პროცესს არ დასწრებიან.

ადამიანის უფლებების საკითხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

არაბთა გაერთიანებული საამიროები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კრიტიკის ობიექტად რჩება. შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება და მიგრანტი მუშაკების ექსპლუატაციის შესახებ ცნობები.