SpaceX-ის რაკეტის გაშვების შემდეგ, აშშ-ის რამდენიმე შტატის ცაზე უჩვეულო მანათობელი ფორმა გამოჩნდა, რომელსაც დამკვირვებლებმა "კოსმოსური მედუზა“ უწოდეს. გამჭვირვალე, ფერადმა ნათებამ და ზღვის მედუზის მსგავსი ფორმის ღრუბელმა ადამიანების ყურადღება მიიპყრო.

ამ მოვლენას მარტივი მეცნიერული ახსნა აქვს. რაკეტის გამონაბოლქვი მაღალ ატმოსფეროში იფანტება, სადაც გაფართოებული აირები და წყლის ორთქლის შემცველი ნაწილაკები ღრუბლის მსგავს ფორმას ქმნის. ამ დროს, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ ბნელა, მაღლა მდებარე გამონაბოლქვს მზის სხივები ეცემა და ანათებს. შედეგად, ცაზე მედუზის მსგავსი მანათობელი ფორმა ჩნდება.

მოვლენას NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და განმარტა, რომ "კოსმოსური მედუზა“ რაკეტის გაშვების შემდეგ წარმოქმნილი ოპტიკური ეფექტია, რომელიც განსაკუთრებით მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას ჩანს.
მსგავსი სანახაობა რაკეტების გაშვებისას პერიოდულად ჩნდება, თუმცა მისი დანახვა დამოკიდებულია გაშვების დროს, ამინდის პირობებსა და მზის სხივების დაცემის კუთხეზე.