ნეპალელმა ტურისტმა ბალიზე, ობობის დასაფრთხობად, ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა ცეცხლი ვილის სახურავს მოედო და რამდენიმე წუთში შენობა მთლიანად გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბადუნგის პოლიციის წარმომადგენლის, იპდა ნი ნიომან იუნი ელტარის განცხადებით, ტურისტმა ქაღალდის დაწვის შემდეგ სააბაზანო დატოვა და სამუშაო ოთახში გავიდა. სავარაუდოდ, ქარმა ცეცხლმოკიდებული ქაღალდი წაიღო, რის შედეგადაც, ვილის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
დასასვენებელი სახლის ღირებულება დაახლოებით 112 000 დოლარად არის შეფასებული. ხანძრის დროს ძლიერი ქარი და ცხელი, მშრალი ამინდიც ხელს უწყობდა ცეცხლის გავრცელებას.

გაურაპ რანამ შენობიდან გამოსვლა შეძლო. ხანძრის შედეგად არც ის დაშავებულა და არც ახლომდებარე შენობები დაზიანებულა.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ამოდის შენობიდან კვამლის ღრუბლები, ადგილობრივები კი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ამ დროისთვის უცნობია, დაეკისრება თუ არა ტურისტს მომხდარის გამო რაიმე პასუხისმგებლობა.