ავტორი:

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯას უპირებენ კაცს, 15 წლის ასაკში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და დაკრძალვებზე დასწრებისთვის

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯას უპირებენ კაცს, 15 წლის ასაკში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და დაკრძალვებზე დასწრებისთვის

საუდის არაბეთში 26 წლის იუსეფ ალ-მანასიფს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ის 15-დან 17 წლამდე ასაკში საპროტესტო აქციებსა და დაკრძალვებზე დასწრების გამო დააკავეს და გაასამართლეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მისი საქმე ქვეყანაში სიკვდილით დასჯის მზარდი გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია.

  • ალ-მანასიფი 2017 წელს დააკავეს. მას შიიტური უმცირესობის რელიგიური უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობასა და დაკრძალვებზე დასწრებას ედავებიან. უფლებადამცველების ცნობით, ის შიიტი მუსლიმების რელიგიური თავისუფლების მხარდამჭერ აქციებსა და იმ ადამიანების დაკრძალვებში მონაწილეობდა, რომლებიც წინა საპროტესტო გამოსვლების დროს დაიღუპნენ. ხელისუფლებამ ეს დაკრძალვებიც საპროტესტო შეკრებებად მიიჩნია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Reprieve-ის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ალ-მანასიფი აწამეს და ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემა აიძულეს. მას სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ 2022 წელს, დაკავებიდან ხუთი წლის შემდეგ მიეცა.

ალ-მანასიფის ოჯახს საქმის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. უფლებადამცველების თქმით, ოჯახის წევრებს განცხადებების გაკეთების შემთხვევაში, შევიწროებისა და დაპატიმრების საფრთხე ემუქრებათ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდაზე წლებია საუბრობენ. The Guardian-ის ცნობით, 2025 წელს ქვეყანაში სიკვდილით 356 ადამიანი დასაჯეს - ეს რეკორდული მაჩვენებელია. სიკვდილით დასჯილთა შორის ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

2020 წელს საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯას გააუქმებდა. თუმცა, უფლებადამცველების განცხადებით, ამის შემდეგაც რამდენიმე საქმეზე სასიკვდილო განაჩენი ძალაში დარჩა.

წყარო