ავტორი:

"ვიცი, როგორ მოჰპარა რუსებს გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი. თანაც მარტო იყო წასული. ახლახან 2 ახალგაზრდა გადაარჩინა დაბომბვისას" - რას ჰყვებიან თანამებრძოლები უკრაინაში დაღუპულ ქართველზე?

"ვიცი, როგორ მოჰპარა რუსებს გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი. თანაც მარტო იყო წასული. ახლახან 2 ახალგაზრდა გადაარჩინა დაბომბვისას" - რას ჰყვებიან თანამებრძოლები უკრაინაში დაღუპულ ქართველზე?

"3 წლის წინ ვწერდი, თუ როგორ გაიარეს ბრძოლით მტრის კილომეტრიანი სანგარი ქართველმა სერჟანტებმა - გურულმა და მეგრელმა - ლაშა ბროლაძემ და ჯაბა ხოფერიამ, როგორ გადააბიჯეს რვა მომხდურს და აიღეს სანგარი. ახლა ერთი კილომეტრი გამოვიარე, "სტარლინკთან" რომ მოვსულიყავი და ორი სიტყვა რომ დამეწერა მასზე - ამჯერად გამოსამშვიდობებელი…“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ამ ამბის შემდეგ მისი შვილი ჯაბა ხოფერია "კურსკში დაეცა, ამჯერად მტრის მიწაზე, იქ აღესრულა - მტრის დრონმა შუაზე გაგლიჯა, იქვე დარჩა. "ახლა ლაშასაც დაუღამდა ამ გზაზე, სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე და ისიც ნაფლეთებად იქცა. ასე იყო მუდამ, ამით განსხვავდებიან მეომრები სხვა ადამიანებისგან - სიკვდილთან დამოკიდებულებით. ჩვენი გზა მასთან შეხვედრის გზაა. ამ გზაზე ჩვენ მას არ ვუფრთხით, იცის მანაც და ხანდახან გაიღებს მოწყალებას, რომ ისე აღვესრულოთ, როგორც მეომრებს ეკადრებათ - ნაფლეთებად ვიქცეთ... კარგი სიკვდილია მეომრისთვის. ჰოდა, ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე - საძახისით "გურულო", - წერს არჩილ ხოფერია.

36 წლის ლაშა ბროლაძე სუმის მიმართულებაზე იბრძოდა, დარჩა მეუღლე და შვილები. უფრო მეტს მასზე თანამებრძოლები გვიამბობენ:

დათო შველიძე:

- ლაშა 2023 წელს გავიცანი, როდესაც ინტერნაციონალურ ლეგიონში მოვიდა. მაშინ ჩვენთან იყო საწყალი სოსო გუგუტაშვილიც... ლაშას ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. უშიშარი, მამაცი, ნამდვილი მებრძოლი იყო. ბრძოლის ველიდან არაერთი დაჭრილი გამოჰყავდა, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები. კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, სადაც ლაშა იყო დასვენებული, მისი უკრაინელი მეთაური ერთ ამბავს იხსენებდა. რამდენიმე დღით ადრე სუმში ერთ-ერთ ობიექტზე ძლიერი დარტყმა განხორციელებულა. ლაშა იმ დროს პოზიციებიდან ახალი გამოსული იყო, ისვენებდა, თუმცა შემთხვევით სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდა. არც დაფიქრებულა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი ბიჭი გადაურჩენია. ამ დამსახურებისთვის მადლობის სიგელიც ეკუთვნოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადაცემა ვეღარ მოასწრეს... ლაშა არასდროს გაურბოდა რთულ სიტუაციებს. ყოველთვის მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო სხვის გადასარჩენად. სერებრიანსკის ტყეში, სხვადასხვა ჯგუფში ვმსახურობდით, მისი ჯგუფი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტექნიკა და მანქანები ძალიან უყვარდა, მათი დაშლა-აწყობა კარგად იცოდა. თანამებრძოლებსაც ყოველთვის ეხმარებოდა, ვისაც რა პრობლემა ჰქონდა, ცდილობდა, მოეგვარებინა.

ბოლოს საავადმყოფოში ვნახე. საერთო დაჭრილი მეგობრის მოსანახულებლად ვიყავით მისულები. ჩვენ შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოველთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. ლაშა საქართველოშიც მსახურობდა ჯარში და ეს საკითხი მისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ძალიან მტკივნეული იყო. ყველას ძალიან გვტკივა გული იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. აქედან ისე ჩანს, თითქოს ნახევარი ქვეყანა გარუსებულია. ლაშას გარდაცვალების გამო სამძიმრის პოსტი რომ გამოვაქვეყნე "ფეისბუკზე", ზოგიერთმა ისეთი კომენტარი დაწერა, კინაღამ გავგიჟდი. მტრის მხარეს მდგომი ქართველი ზოგჯერ თავად მტერზე უარესია! ნორმალური ადამიანი მტერსაც კი სათანადოდ აფასებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომლის სამშობლოც რუსეთმა დაიპყრო, გაძარცვა, ტაძრები შეურაცხყო და თანამემამულეები დაუხოცა, "დაქირავებულ მებრძოლს“ უწოდებდეს ადამიანს, რომელიც დღეს რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ დიდ ფულს ვშოულობთ, ჩამოვიდეს და თავად სცადოს! ჩვეულებრივი სამხედროს ხელფასი გვაქვს, რომელსაც საბრძოლო დანამატიც ემატება. ჩვენი შემოსავალი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანის ანაზღაურება. სიგარეტის, საჭმლისა და ბენზინის ფული გვყოფნის - სულ ეს არის.

2022 წელს, როდესაც რუსეთმა მასშტაბური შეტევა დაიწყო და კიევი იბომბებოდა, ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სრულიად უსასყიდლოდ ვიცავდით ქალაქს. მაშინ ხელფასზე ვინ ფიქრობდა?! რუსეთი ჩემი ქვეყნის მტერია და შესაბამისად, ჩემი პირადად მტერიც. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვიცი, რომ ყველა იმ უბედურების უკან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დასტყდომია, რუსეთი დგას. ამიტომ საკუთარ ამოცანად მიმაჩნია რუსეთის დასუსტებაში ჩემი წვლილის შეტანა, იქნება ეს უკრაინაში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არასწორი პოზიცია ჩვენს მოტივაციას ვერ შეცვლის. ნამდვილი მებრძოლის გადაწყვეტილება ასეთ რამეებზე არ არის დამოკიდებული.

შოთა ბითაძე:

- ლაშა გავიცანი 2024 წლის მარტში მაშინ, როდესაც საცეცხლე მხარდაჭერას გვიწევდა ის და მისი გუნდი. აგვისტოში მის გუნდს შევუერთდი და იმის მერე კიდევ უფრო დავახლოვდით. ძალიან კარგი მეგობარი და ასევე კარგი, უფრო სწორად საოცრად მაგარი მებრძოლი იყო, ბრძოლის ველზე საოცარი უნარებით და უშიშრობით გამოირჩეოდა. პირადად ვიცი ამბავი, თუ როგორ მოჰპარა რუსებს გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი. თანაც მარტო იყო წასული, მხოლოდ ერთი ხელყუმბარით… ერთი თვის წინ ორი ახალგაზრდა გადაარჩინა, ქალაქ სუმში, სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას. ხალხი რომ გარეთ გამორბოდა ეს მაშინ შევარდა ალმოდებულ შენობაში. დაჭრილებს ბოლომდე უპატრონა, საავადმყოფოშიც თავად მიიყვანა. არ ვიცი, არ მახსენდება შემთხვევა, ლაშას საფრთხის წინაშე უკან დაეხიოს, ყოველთვის პირველი მიდიოდა დასახმარებლად, ისე რომ საკუთარ სიცოცხლეზე არ ფიქრობდა. ასეთი ადამიანი იყო ლაშა, მისთვის მთავარი იყო, გვერდით მყოფი ადამიანი გადაერჩინა, თანამებრძოლს დახმარებოდა და დავალება შეესრულებინა. ეს თვისებები მხოლოდ ბრძოლაში არ გამოუვლენია. ის ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ერთგული, საიმედო და გულწრფელი მეგობარი იყო. ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. ორი წელი გავატარეთ გვერდიგვერდ და ამ ხნის განმავლობაში არაერთი რთული ბრძოლა და მძიმე დღე გვქონდა. ვიყავით სერებრიანსკის ტყეში, პოკროვსკში, კუპიანსკში და ბოლოს - სუმის მიმართულებაზე. ყველა ამ ადგილს თავისი ისტორია და მოგონება უკავშირდება. ყოველთვის აღწევდა წარმატებას ბრძოლის ველზე. როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ გული სიამაყით მევსება… მიხარია, რომ მასთან ერთად მომიწია ბრძოლა და რომ შესაძლებლობა მქონდა, ახლოდან გამეცნო მისი ხასიათი, მისი გამბედაობა და ადამიანური თვისებები.

ამავე დროს, ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ადამიანი, რომელთან ერთადაც ამდენი რამ გამოიარე, ერთ დღეს აღარ გყავს გვერდით. მოგონებები რჩება, მაგრამ ის ყოველდღიური ურთიერთობა, საუბრები და ერთმანეთის გვერდით ყოფნა, რაც წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი გეგონა, უცებ წარსულად იქცევა. ერთხელ გამეხუმრა, ხელის პროთეზი მათხოვეო, ალბათ არ ელოდა, რომ მაშინვე მოვიხსნიდი და მივაწვდიდი. როცა დაინახა, რომ მართლა ასე მოვიქეცი, გაოცებული დარჩა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაოცებული სახე, შემდეგ კი სიცილი. ეს პატარა ეპიზოდი ჩემთვის ძვირფას მოგონებად დარჩა. ომისა და მუდმივი საფრთხის პირობებშიც გვქონდა ასეთი წუთები - უბრალო, ადამიანური, იუმორით სავსე. სწორედ ეს მოგონებებია, რომლებიც მეგობარს განსაკუთრებით ახლობელს ხდის და მისი არყოფნის შემდეგაც ცოცხლად ინარჩუნებს მას შენს მეხსიერებაში. ლაშას პატარა გოგონა ჰყავს. მასთან ჩახუტებაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერ მოასწრო… ამაზე ფიქრი ძალიან მძიმეა. ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველზე სხვების გადასარჩენად სიცოცხლეს რისკავდა, საკუთარ შვილთან შეხვედრის მონატრული წავიდა აქ ქვეყნიდან. ძალიან ბევრი ოცნებები, გეგმა და მიზეზი ჰქონდა, რის გამოც სახლში დაბრუნება უნდოდა. სამწუხაროდ, ეს ოცნება აუხდენელი დარჩა. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ მის შვილს მამასთან ჩახუტების შესაძლებლობა აღარ ექნება. ლაშას მეუღლისა და შვილისთვის მისი დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა, ჩვენთვის კი, მეგობრისა და თანამებრძოლის დაკარგვა, რომლის ადგილსაც ვერავინ შეავსებს.

ბოლოს 25 სექტემბერს ვნახე, მე ხელის პროთეზის შესაცვლელად მივდიოდი, ლაშა კი პოზიციაზე გასასვლელად ემზადებოდა. როგორც ყოველთვის, გულითადად ვისაუბრეთ, წასვლის წინ კი ხუმრობით ვუთხარი, არაფერი გააფუჭო-მეთქი. ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობის ნაწილი, ერთმანეთისთვის ნათქვამი სიტყვები, რომლებსაც მაშინ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა. მაშინ არც მიფიქრია, რომ ამ სიტყვებს ოდესმე ასე გავიხსენებდი. ბოლო დღეებამდე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით ტელეფონით. ჩვენი ბოლო საუბარი მისი დაღუპვის დღეს, შუადღისას შედგა. დამირეკა თუ მე დავურეკე, ეს დეტალი აღარ მახსოვდეს, მაგრამ კარგად მახსოვს თვითონ საუბარი. მითხრა, დრო არ მაქვს და უნდა გავიდეო. საღამოს კი მისი დაღუპვის ამბავი გავიგე. ლაშა ყოველთვის მემახსოვრება როგორც უშიშარი მებრძოლი, ერთგული მეგობარი და ადამიანი, რომელიც სხვის გადასარჩენად საფრთხეს არასდროს ერიდებოდა. ასეთი იყო ის და სწორედ ასეთი დარჩება ჩემს მეხსიერებაში.