მასუდ პეზეშკიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე - გვჭირდება მკაფიო და გამჭვირვალე ჩარჩოები ურთიერთობების განსავითარებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანსა და თბილისს ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად გამჭვირვალე ჩარჩოები და გრაფიკი სჭირდებათ, - ინფორმაციას ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ირანის წინააღმდეგ დაწესებულ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას, პრეზიდენტმა პეზეშკიანმა ეს ზომები ჰუმანიტარული პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ზომებად შეაფასა, ირანზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებს კი გაუმართლებელი და არაადამიანური ქმედებები უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და უარყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცრუ პროპაგანდა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ზეწოლას არ დაემორჩილება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების მიმართ მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს და ეწინააღმდეგება მათ საშინაო საქმეებში ნებისმიერ გარე ჩარევას. ორი ქვეყნის გეოგრაფიულ და კულტურულ კავშირებზე მითითებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობასა და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და დიპლომატიურ სამსახურებს შორის კოორდინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროებში საერთო ინტერესების გამოკვეთას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
“გვჭირდება მკაფიო და გამჭვირვალე ჩარჩოები ჩვენს შორის ურთიერთობების განსავითარებლად”, - წერს ირანის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიან შეხვდა. შეხვედრა ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.