ავტორი:

“ზოგიერთები ჯაჭვებით იყვნენ დაბმული“ - შოკისმომგვრელი დეტალები სამხრეთ აფრიკიდან: ეკლესიაში მოწყობილი არალეგალური სარეაბილიტაციო ცენტრიდან 200 ადამიანი იხსნეს

“ზოგიერთები ჯაჭვებით იყვნენ დაბმული“ - შოკისმომგვრელი დეტალები სამხრეთ აფრიკიდან: ეკლესიაში მოწყობილი არალეგალური სარეაბილიტაციო ცენტრიდან 200 ადამიანი იხსნეს

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მპუმალანგას პროვინციაში, პოლიციამ და სოციალური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილი არალეგალური სარეაბილიტაციო ცენტრის ჩხრეკისას 200 ადამიანი იხსნეს. გაირკვა, რომ დაწესებულება ადგილობრივ ეკლესიაში ფუნქციონირებდა, რომელსაც პასტორი და მისი მეუღლე მართავდნენ.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, რეიდის დროს ადგილზე “საშინელი, არაადამიანური პირობები“ დახვდათ. ზოგიერთ პაციენტს სხეულზე მძიმე წყლულები აღენიშნებოდა, ხოლო ნაწილი ერთმანეთზე ჯაჭვებით იყო დაბმული.

გარდა ამისა, ცენტრის გადატვირთულ ოთახებში, სადაც 30-ზე მეტი ქალი იმყოფებოდა, ორი არასრულწლოვანიც აღმოაჩინეს - 16 წლის გოგონა და 11 წლის ბიჭი, რომლებიც ზრდასრულებთან ერთად ერთ ოთახში ეყოლათ გამოკეტილი.

ცენტრის მფლობელები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ 60 ადამიანი ჰყავათ შეფარებული, თუმცა შემოწმებისას სამჯერ მეტი პირი აღმოაჩინეს. დაკავებულთა უმეტესობას, სავარაუდოდ, ნარკოდამოკიდებული პირები არიან, რომლებიც გამდინარე წყლისა და გამართული სანიტარიული კვანძის გარეშე ცხოვრობდნენ.

ცენტრის მფლობელები პაციენტების ოჯახებს თვეში 3 000 რანდს (დაახლოებით 182 დოლარს) სძალავდნენ, საიდანაც თითქმის ნახევარი ეკლესიას ხმარდებოდა.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიფტ სხოსანამ ადგილობრივ ტელეკომპანია Newzroom Afrika-ს განუცხადა, რომ პაციენტების ჯაჭვებით დაბმა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.

“ჩვენ გვბამდნენ სასჯელის სახით და მაშინაც, როდესაც ცენტრში ახალი მიღებულები ვიყავით“, - აღნიშნა მან. ამის მიუხედავად, სხოსანამ დასძინა, რომ ამ დაწესებულებამ მას ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში მაინც შეუწყო ხელი. მეორე მხრივ, სხვა პაციენტმა აღნიშნა, რომ იქ გატარებულმა პერიოდმა მას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და ახლა ფსიქიკურ დახმარებას საჭიროებს.

სამართალდამცველებმა პასტორი და მისი მეუღლე ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს.

დახსნილი 200 ადამიანიდან 14 პირი სამედიცინო მკურნალობისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 132 ადამიანი უკვე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს.

წყარო