ავტორი:

სტიქია აშშ-ში - მალიბუს ჩრდილოეთი მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა: ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს (ფოტო)

სტიქია აშშ-ში - მალიბუს ჩრდილოეთი მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა: ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს (ფოტო)

მალიბუს ჩრდილოეთით მდებარე ბორცვებზე ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა უკვე მოიცვა 146.2 აკრი. ამ დროისთვის სტიქიის მხოლოდ 17%-ის ლოკალიზება მოხერხდა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

გაცემულია ევაკუაციის რამდენიმე სავალდებულო და სარეკომენდაციო განკარგულება, გადაკეტილია რეგიონის საავტომობილო გზები.

ამ დროისთვის ხანძარი Encinal Canyon Road -ის ჩრდილოეთით მძვინვარებს, მალიბუს ოფიციალური პირების განცხადებით, მოცემულ ეტაპზე სტიქიისგან სახლების დაზიანების ან განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ლოს-ანჯელესის ოლქის სახანძრო სამსახურის ცნობით, მეხანძრეებისა და ავიაციის აქტიური ჩართულობის წყალობით, ღამის განმავლობაში ცეცხლის 5%-ით ლოკალიზება გახდა შესაძლებელი. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ცხელი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, ჰაერიდან იერიშს გააგრძელებენ, მთავარ ყურადღებას შენობების დაცვაზე გადაიტანენ და ცეცხლის ალყაში მოქცევას ეცდებიან.

ხანძარი ხუთშაბათს, დაახლოებით ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად მოედო ხშირ ბუჩქნარს და სულ რაღაც 15 წუთში ნახევარი აკრიდან 5 აკრზე გავრცელდა. გაჩენიდან დაახლოებით ერთ საათში სტიქიამ 40-ზე მეტი აკრი გადაწვა, ხოლო ძლიერმა ქარმა ცეცხლის კერები ძირითადი ხანძრის წინ, სხვადასხვა ადგილას გაფანტა. ამას მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მოჰყვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო