ავტორი:

არაბთა გაერთიანებული საამიროების ციხეში, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა რუსი კრიპტომილიონერისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ციხეში, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა რუსი კრიპტომილიონერისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ციხეში ამოუცნობ გარემოებებში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც რუსი კრიპტომილიონერისა და მისი მეუღლის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

რუსეთის ყოფილი სამხედრო, 45 წლის ვლადიმირ დალეკინი გასულ თვეს საკანში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ინფორმაცია მხოლოდ 16 ოქტომბერს გაავრცელა. იგი იმ სამ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომელთაც დუბაიში 38 წლის რომან ნოვაკისა და მისი 37 წლის მეუღლის, ყოფილი ტელეჟურნალისტის, ანა ნოვაკის მკვლელობასა და სხეულის დასახიჩრებაში სდებდნენ ბრალს.

რუსული მედიის ცნობით, დალეკინი დაუზუსტებელი “ხანგრძლივი“ და “ქრონიკული დაავადებით“ გარდაიცვალა, თუმცა მანამდე მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდა.

საამიროებში მცხოვრები როგანი და ანა უკანასკნელად გასული წლის ოქტომბერში ნახეს ცოცხლები, როდესაც ისინი დუბაის მთიან კურორტ ჰატაში სავარაუდო ინვესტორებთან შეხვედრაზე გაემგზავრნენ.

წყვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში ძვირადღირებული ავტომობილებითა და კერძო თვითმფრინავებით ფუფუნებით სავსე ცხოვრებას აფიშირებდა, ერთ-ერთ ვილაში შეიტყუეს, გაიტაცეს და სასტიკად მოკლეს. მათი ცხედრების ნარჩენები უდაბნოში, დამარხული იპოვეს მას შემდეგ, რაც რუსეთში მყოფმა ოჯახის წევრებმა მათ დაკარგვაზე განაცხადეს.

დალეკინს და კიდევ ორ რუსს, 53 წლის კონსტანტინ შახტს (ყოფილი მკვლელობების გამომძიებელი, რომელიც მოგვიანებით ნარკომოვაჭრე გახდა) და 46 წლის იური შარიპოვს (ყოფილი სამხედრო) “ინვესტორებად“ თავის გასაღება, წყვილის გატაცება და მათი მკვლელობა ედებოდათ ბრალად.

საგამოძიებო ვერსიით, ეჭვმიტანილები საამიროებში წყვილის გატაცების შემდეგ ნოვაკის კრიპტო-საფულის პაროლს ითხოვდნენ.

გაუჩინარების მომენტში ნოვაკზე გამოძიება მიმდინარეობდა. მას ბიზნესის განვითარების საბაბით კრიპტოინვესტორებისგან 38 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტის სავარაუდო მითვისებაში სდებდნენ ბრალს. რუსული მედიის ცნობით, სავარაუდო მსხვერპლთა შორის იყვნენ “ბიზნესმენები ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან“.

წყარო