ავტორი:

"ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მხატვარი ვარ... 50 000 დოლარიც გადაუხდიათ ერთ ნახატში" - მხატვარი, რომლის ნამუშევრებმაც კოსმოსი "მოიარა"

"ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მხატვარი ვარ... 50 000 დოლარიც გადაუხდიათ ერთ ნახატში" - მხატვარი, რომლის ნამუშევრებმაც კოსმოსი "მოიარა"

რომანოზი მხატვარია და 30 წელია, ტრანსცენდენტალურ ჟანრში მუშაობს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მოღვაწეობს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ჟანრის პოპულარიზაციას ეწევა. 30-მდე პერსონალური გამოფენა ჰქონია. ჯგუფურ გამოფენებში არ მონაწილეობს, მხოლოდ სოლო გამოფენებს აწყობს.

ბოლო პერიოდში მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიდერლანდებში (ამსტერდამში, ჰააგაში), ბელგიაში (ბრიუსელში, ანტვერპენში), პარიზსა და ლონდონში. სულ ბოლო კი - ნიუ-იორკში.

ხელოვანი ცნობილია თავისი რევოლუციური პროექტებით, რომლის ფარგლებშიც, მისი ნახატები დედამიწის სტრატოსფეროში 2019 წლის აგვისტოში გამოიფინა.

Ambebi.ge რომანოზს ესაუბრა.

- რა მიმართულებაა - ტრანსცენდენტალური არტი, რომელიც თქვენი საქმიანობის მთავარ ღერძად და ორიენტირად აქციეთ?

- ტრანსცენდენტალური მხატვრობა ნიშნავს საზღვრებს მიღმა გასულ ხელოვნებას. ის აბსოლუტურად ასოციალურია. როდესაც მეკითხებიან, რას ნიშნავს ეს, რა იდეა დევს მასში? ვპასუხობ: ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ნაცნობია - ერთგვარი "მიწიერი“ - ტრანსცენდენტალური არტისთვის შეუსაბამოა. ეს არის ჩვენთვის სრულიად უცნობი ფორმებითა და შინაარსით დატვირთული ხელოვნება.

- როდის მიხვედით ამ მიმართულებამდე, თუ თავიდანვე ასე გადაწყვიტეთ?

- მთელი ცხოვრება ვხატავ, მაგრამ დაახლოებით 1997 წლიდან, 20-21 წლის ასაკში, მთლიანად მხატვრობაზე გადავერთე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ვედურ ფილოსოფიას გავეცანი და პრაქტიკაში პირველად გავაკეთე ტრანსცენდენტალური მედიტაცია, სწორედ მაშინ დამებადა აზრი, რომ ის გამოცდილება და განცდა, რაც მედიტაციისას მივიღე, ტილოზე გადამეტანა.

თავიდან, რა თქმა უნდა, ეს დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ვიზუალურად წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა ასახულიყო ეს ტილოზე თუ ქაღალდზე. დაახლოებით 10 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის ფორმა მიმეცა, დამეხვეწა და კონცეპტუალურად შემდგარიყო.

ამის შემდეგ უკვე უწყვეტად ვაკეთებდი გამოფენებს - არ გასულა წელი, რომ მცირე პერსონალური გამოფენა მაინც არ გამემართა. მაგალითად, 2025 წელს სამი პერსონალური გამოფენა მქონდა: ორი პარიზში და ერთი - ლონდონში. ახლა ტემპმა კიდევ უფრო მოიმატა.

- ამბობთ, სულ ვხატავდიო... როდესაც ეს ფილოსოფია აღმოაჩინეთ და მოგინდათ განცდილი ემოციის მხატვრობაში გადატანა - აქ რა მასშტაბებზეა საუბარი? რა მასალასა და ფორმატში მუშაობთ?

- მაქვს როგორც A4 ფორმატის გრაფიკული ნამუშევრები, ისე 7 და 12-მეტრიანი ტილოები, ტრიპტიქები და ა.შ. პრაქტიკულად ყველა მედიუმში ვმუშაობ: ვხატავ გრაფიკას ფანქრით, აკრილით, სილიკონის საღებავებით... ბოლო 5 წელზე მეტია, უფრო ინტენსიურად ვიყენებ ციფრულ მედიას, აუდიო-ვიზუალურ ინსტალაციებსა და პერფორმანსებს.

მაგალითად, გავაკეთე თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტი, სადაც მიკროფონებს წყალქვეშ ვძირავდით და იქიდან ვიღებდით ხმასა და ვიზუალს. გამოვიყენე ჰოლოგრამები, ხოლო ბოლო დროს უკვე ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩართულობითაც ვაკეთებთ პროექტებს.

- მანამ, სანამ ამ სტილს საბოლოოდ ჩამოაყალიბებდით, ძიების პროცესში რას ხატავდით? ჩანახატებს აკეთებდით თუ პარალელურად სხვა მიმართულებას მიჰყვებოდით?

- ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია ჩანახატი. არასდროს ვხატავ უბრალოდ "მეთოდის მოსასინჯად“. პირველივე დღიდან ვიწყებ და ვამთავრებ კონკრეტულ ნამუშევარს. ყველაფერი, რაც შემიქმნია, დასრულებული ნახატია. უბრალოდ, ეს იყო ჩამოყალიბების პროცესი - ნახატიდან ნახატამდე ვმოძრაობდი იმისთვის, რომ ეს ვიზუალური ხედვა სრულყოფილებამდე მიმეყვანა. დღეს ეს სისტემა იმ დონეზეა ჩამოყალიბებული, რომ ჩემი ნამუშევრები უამრავ მუზეუმში, კერძო ფონდსა თუ მილიარდერების კოლექციაშია დაცული. ბევრი აღნიშნავს, რომ თუმცა მთელი მსოფლიოს გალერეები და ცნობილი არტ-ბაზრობები აქვთ შემოვლილი, ვიზუალურად მსგავსი რამ არასდროს ენახათ. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი თვითმიზნურად განსხვავებულობა არ ყოფილა - ეს იდეა ბუნებრივად მოვიდა.

- გყავთ თუ არა მიმდევრები საქართველოში? ან მსოფლიოში თუ არსებობს მსგავსი ანალოგი?

- მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 2000 წელს, როდესაც პირველი პერსონალური გამოფენა მოვაწყვე და მივაწერე "ტრანსცენდენტალური არტი“, მთელ მსოფლიოში ვეძებდით ანალოგს და დედამიწაზე არ არსებობდა გალერეა, რომელსაც ასეთი განხრა ექნებოდა. არსებობს იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, აბსტრაქცია... მაგრამ სიტყვა "ტრანსცენდენტალიზმი“ და მხატვრობა აბსოლუტურად შეუთავსებელი ჩანდა.

- ე.ი. თქვენ ხართ ამ ჟანრისა და მიმართულების ფუძემდებელი...

- წარმოიდგინეთ, 2008 წელს რეჟისორმა დევიდ ლინჩმა დააფუძნა ტრანსცენდენტალიზმის განვითარების ფონდი. იმ დროისთვის მე უკვე 10 პერსონალური გამოფენა მქონდა ჩატარებული.

2017 წელს, როდესაც დევიდ ლინჩი საქართველოში ჩამოვიდა (გიგა აგლაძის მოწვევით), შეიტყო ჩემ შესახებ. პირადად გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ ლინჩთან ოთხი შეხვედრა მქონდა დანიშნული. ერთად გავაკეთეთ მედიტაციაც და ინტერესით მეკითხებოდა ჩემი გამოცდილების შესახებ.

- თავად თუ გაქვთ სკოლა? გადასცემთ ამ გამოცდილებას სხვებს, თუ გყავთ მოსწავლეები?

- არა, პირდაპირი გაგებით ვინმეს არ ვასწავლი. თუმცა მყავს ასისტენტები და გუნდი, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე - დაწყებული სტრატოსფეროს პროექტით, დამთავრებული ვიზუალ-არტით, საუნდითა თუ AI ტექნოლოგიებით. ახლახან შემომიერთდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სინთეზატორები გამოიგონეს და მათთან ერთად ორი პროექტი გავაკეთე... ასე რომ, მე ამ ჟანრს პოპულარიზაციასა და პროპაგანდას ვახდენ. დღეს ჩემი ნამუშევრები ყველა კონტინენტზეა მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში (მათ შორის, დევიდ ლინჩისა და ბიორკის პირად კოლექციებშიც).

- ეს მართლაც ბევრს ნიშნავს... საინტერესოა, როგორ აღიქვამს მსოფლიო თქვენს ხელოვნებას? როგორია იმ საგამოფენო ცენტრებისა და აუდიტორიის გამოხმაურება, სადაც იფინებით?

- პარიზში, ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე მოვიდა ერთი ქალბატონი - გალერისტი, რომელსაც 25 წელია კერძო გალერეა აქვს "სოთბის“ აუქციონის გვერდით. მან შეხვედრა დამინიშნა. როდესაც შევხვდით, პირდაპირ მითხრა: "20 წელია, ვეძებ ასეთი მასშტაბის მხატვარს, რომელიც არ არის დაკონტრაქტებული რომელიმე კონკრეტულ გალერეასთან ან კოლექციონერთან და სრულიად თავისუფალია“... არავისთან ვაფორმებ სრულ ექსკლუზიურ კონტრაქტს. მაგალითად, პარიზში ექსკლუზივი მივეცი მხოლოდ იმ 15-ნახატიან კოლექციაზე, რომელიც ჩავიტანე. იგივე პრინციპით ვმუშაობ ლონდონშიც.

ჯამში - გამოხმაურება დიდია - სურთ ჩემთან და ჩემს ხელოვნებასთან თანამშრომლობა. შარშან დაიწყო აქტიური მუშაობა საფრანგეთსა და ლონდონში, წელს ნიუ-იორკთან გავაფორმე კონტრაქტი და ვფიქრობ, ახლა სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ჩემთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ნორმაა, რადგან ამ სფეროს მიღმა არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა.

- კოსმოსის თემასაც შევეხოთ: ძალზე საინტერესოა ამ იდეის დაბადება, განხორციელება. ასევე ის, თუ რას ემსახურება ეს პროექტი, როდესაც კოსმოსში თქვენი ნამუშევრები გაგზავნეთ...

- პროექტი განხორციელდა მეგობართან, თორნიკე მზარელუასთან ერთად, კოლაბორაციაში. თორნიკემ ლეიდენის უნივერსიტეტი დაამთავრა ჰოლანდიაში და გაიარა სპეციალური კურსი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიწყოს მოდული ნივთის კოსმოსში გასაშვებად. ჩვენ გავაერთიანეთ მათი ტექნიკური ცოდნა და ჩემი ხელოვნება. ტექნიკური მხარე უმნიშვნელოვანესი იყო - კოსმოსში გაშვებასა და უკან დაბრუნებას სჭირდებოდა უტყუარი დადასტურება და ჩანაწერი, თორემ ვერავის დაუმტკიცებდით, რომ ნამუშევრები ნამდვილად კოსმოსში იყო.

გავუშვით მოდული სტრატოსფეროში. გვაქვს სრული, 4-საათიანი უწყვეტი კადრი: დედამიწიდან სტრატოსფერომდე ასვლა (3 საათი), სადაც ჰელიუმის ბურთულა სკდება, და 1-საათიანი ვარდნაა დედამიწამდე. GPS სისტემის მეშვეობით ნამუშევრები იპოვეს იმერეთში, სოფელ ოფეთში, უკაცრიელ ადგილას. იქიდან ჩამოვიტანეთ და უკვე წარვადგინეთ სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში.

- ანუ ნამუშევრები უკან, დედამიწაზე ჩამოვიდა, ხომ?

- რა თქმა უნდა! ჩამოვიდა და სრული ვიდეოჩანაწერიც ხელთ გვაქვს. ამისთვის წელიწად-ნახევარი ვემზადებოდით. ამ ხნის განმავლობაში, ერთის მხრივ, ვეძებდით ინფორმაციას - ხომ არავის ჰქონდა მსგავსი რამ მსოფლიოში გაკეთებული. მეორეები ვერ ვიქნებოდით, გამეორება არ გვინდოდა. ასეთი კადრი დედამიწის ისტორიაში არ არსებობდა: ხელოვნების ნიმუშების გამოფენა სტრატოსფეროში!

მეორე მხრივ, მიდიოდა ტექნიკური მუშაობა - მოდულების აწყობა, სიმულაციური პროგრამები და ექსპერიმენტები. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, გავხდით პირველები ისტორიაში, ვინც ღია კოსმოსში 4-საათიანი გამოფენა მოაწყო!

ვიდეო მაშინვე ავტვირთეთ YouTube-ზე, როგორც დოკუმენტური დასტური და ვაჩვენეთ საერთაშორისო ფესტივალებსა თუ გამოფენებზე. სხვათა შორის, ერთი წლის შემდეგ ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა KAWS-მაც გაიმეორა მსგავსი პროექტი და თავისი სკულპტურა გაუშვა კოსმოსში. მან 2020 წლის აგვისტოში გააკეთა ეს და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა ლონდონში, ნიუ-იორკსა და ტოკიოში, ცენტრალურ ეკრანებზე. მათ იფიქრეს, რომ რადგან პანდემია იყო და საქართველოში ვიყავით ჩაკეტილები, ეს ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩებოდა. თუმცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს პროექტი ერთი წლით ადრე გვქონდა განხორციელებული, ხოლო ფაქტი ჩვენს პრიორიტეტულობასა და პოპულარიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს... სამი ნამუშევარი გავუშვით.

- საინტერესოა ძალიან... ახლა რას აკეთებთ, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- 19 სექტემბერს გავხსენი გამოფენა ნიუ-იორკში, 9 ოქტომბერს კი - თბილისში, Novo Gallery-ში (სიმონ ჯანაშიას 13-ში), სადაც 13 ნამუშევარია წარმოდგენილი და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნებისმიერ მსურველს ვპატიჟებთ. მეც პერმანენტულად მივდივარ, ვხვდები სტუმრებს და ვუხსნი ექსპოზიციის შინაარსს.

- ქართველი დამთვალიერებლები და ხელოვნების მოყვარულები როგორ აღიქვამენ თქვენს ნამუშევრებს?

- ძალიან დადებითად. ბოლო დროს ქართველმა კოლექციონერებმაც დაიწყეს ჩემი ნახატების შეძენა. ადრე ნამუშევრების 80% საზღვარგარეთ მიდიოდა, ახლა კი ადგილობრივად გაყიდვებიც გაიზარდა.

- მხატვრებს ხშირად უჭირთ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, ამ დროს თითქოს საკუთარ ნაწილს ემშვიდობებიან... თქვენი დამოკიდებულება როგორია ამის მიმართ?

- ჩემთვის ძალიან ბუნებრივია ნამუშევრის გაყიდვა. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მხატვარი ვარ.

- თუ საიდუმლო არ არის, რა არის მაქსიმალური თანხა, რაც თქვენს ნამუშევარში გადაუხდიათ?

- 50 000 დოლარი ერთ ნახატში. ნამუშევრები გაყიდულა ინდონეზიაში, დუბაიში, აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთში... რაც შეეხება შეგრძნებას - როდესაც ადამიანი მოდის და ნახატი იმ დონეზე მოსწონს, რომ ასეთ თანხას იხდის, მას დიდი სიმპათიითა და პატივისცემით ატან ნამუშევარს. შემდეგ ვმეგობრობთ კიდეც, მიგზავნიან ფოტოებს, ჩამოდიან ჩემს გამოფენებზე... ასე იქმნება ძალიან კარგი კომუნიკაცია და საზოგადოება.

- ფერებსა და კომპოზიციას რაც შეეხება - რა არის თქვენთვის მთავარი?

- ფერზე მეტად აქცენტი მაქვს მთლიანობაში ტრანსცენდენტალურ კომპოზიციასა და შინაარსზე. შეიძლება ითქვას, ფუტურიზმთან ახლოს მდგომი კომპოზიციებია.

- საავტორო უფლებებსა და დაპატენტებაზე თუ გიფიქრიათ, რომ ვინმემ არ მიითვისოს თქვენი სტილი?

- ბოლო 5 წელია, ნახატებზე ხელწერასაც კი არ ვაკეთებ, რომ კომპოზიცია არ დავარღვიო. ჩემი სტილი იმდენად ინდივიდუალურია, რომ შეიარაღებელი თვალითაც ამოიცნობა. 2000 წლიდან ინტენსიურად ვიფინები და ტრანსცენდენტალიზმზე ვსაუბრობ.

გარდა ამისა, ეს არ არის მექანიკური პროცესი, რომელიც შეიძლება უბრალოდ მოიპარო - თუ თავად არ გადიხარ მედიტაციის, ფილოსოფიისა და ტექნიკური დახვეწის მრავალწლიან პრაქტიკას, ამ ფორმებს უბრალოდ ვერ შექმნი. ჩემი ხელწერა - ჩემი არტია.