ავტორი:

"გუშინ ქუჩა სჭირდებოდათ, დღეს კი, მისი გვერდზე გაწევა გადაწყვიტეს, რადგან ამ ძალამ თავად შეუქმნა პრობლემები" - გია ხუხაშვილის ანალიზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

"გუშინ ქუჩა სჭირდებოდათ, დღეს კი, მისი გვერდზე გაწევა გადაწყვიტეს, რადგან ამ ძალამ თავად შეუქმნა პრობლემები" - გია ხუხაშვილის ანალიზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებული გახმაურებული დაკავებები საქართველოში არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად იქცა. ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად "კაწროს', დაკავებების ფონზე, ოპოზიცია მმართველ გუნდში შესაძლო შიდა დაპირისპირებაზე და პასუხისმგებლობის მამუკა მდინარაძისთვის დაკისრების მცდელობებზე საუბრობს.

რამდენად იკვეთება ამ პროცესებში კრიმინალური სამყაროსა და პოლიტიკური ინტერესების თანხვედრა, შეიძლება თუ არა გახმაურებულმა საქმეებმა ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება გაამწვავოს და რა კავშირები იკვეთება თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და მოლდოვაში მიმდინარე გამოძიებებს შორის, ამ საკითხებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი:

- კორუფციასთან ბრძოლა ამ ქვეყანაში ვერ დაიწყება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისეთი სისტემა, როგორიც "ქართული ოცნებაა“, კორუფციის გარეშე ვერ იარსებებს, რადგან მისი ფუნქციონირება სწორედ კორუფციულ მექანიზმებს ეფუძნება. შეიძლება შეიცვალოს კორუფციის ფორმები და წყაროები, მაგრამ სისტემა მთლიანობაში მასზე დგას და, შესაბამისად, კორუფციაზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვს.

კორუფცია მხოლოდ თანამდებობის პირის მიერ ფულის მითვისება არ არის. მისი ფორმებია ჩაწყობილი ტენდერები, ე.წ. ატკატები, თანხების პარტიულ სალაროში გადამისამართება, ნეპოტიზმი და პარტიული აქტივისტების სახელმწიფო უწყებებში დასაქმება. საბოლოოდ, ყველა შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელების ფულს ითვისებენ - მნიშვნელობა არ აქვს, ის კერძო ჯიბეში ხვდება თუ პარტიულ სალაროში.

ამ მექანიზმების გარეშე სისტემა ვერ იარსებებს. ამიტომ, სავარაუდოდ, ახლა თავად სისტემის შიგნით სქემების გადალაგება და გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს, რასაც საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება. როდესაც სისტემის მუშაობის წესებს ცვლი, მენეჯმენტის შეცვლაც გიწევს. გუშინ გარკვეულ საკითხებში ქუჩა სჭირდებოდათ, დღეს კი, როგორც ჩანს, მისი გვერდზე გაწევა გადაწყვიტეს, რადგან ამ ძალამ თავად შეუქმნა პრობლემები.

ამ კონტექსტში არც ოქიტაშვილის განცხადებებია შემთხვევითი, თითქოს მან უსამართლობას ვეღარ გაუძლო, რაც, უბრალოდ, სასაცილოა. ჩემი აზრით, ეს გარკვეული მიზნისკენ მიმართული ორგანიზებული კამპანიაა, რომელსაც კონკრეტული სამიზნეები ჰყავს. მით უფრო, რომ ყველაფერი უმრავლესობის სხდომის წინ ხდება. მიზანი, შესაძლოა, სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადება კი არა, ყველასთვის იმის შეხსენებაა, ვინ არის სახლში პატრონი, რათა არავის გაუჩნდეს ზედმეტი ილუზია.

-"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებისა და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია, რომ ვატო ყიფიანისა და "კაწროs" დაკავებები უკავშირდებოდეს მოლდოვასა და ევროპის ქვეყნებში "ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციებს? და თუ ეს კავშირი დადასტურდა, რამდენად სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ეს მმართველ გუნდს?

- გასაგებია, რომ ზოგიერთი კომენტატორი ცდილობს, მოვლენებს უფრო ფართო მასშტაბი მიანიჭოს. ზოგიერთებს ხშირად უყვართ კომპეტენტურად საუბარი ისეთ საკითხებზე, რომლებშიც კარგად ვერ ერკვევიან. ეს შეიძლება საინტერესო ინფორმაციაც იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, პოლიტიკურ განხილვებში მის ჩართვას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხმები ვრცელდება და ამ საქმიანობის გარშემო კრიმინალური გარემოც არსებობდა. თავად ეს საქმიანობა კრიმინალურია და, ბუნებრივია, მასში კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ეს მათი სფეროა. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს ადამიანები ქოლ-ცენტრების დასახურად და ამ საქმიანობის აღსაკვეთად დააკავეს. ჩემი აზრით, საქმე უფრო გარკვეულ ცვლილებებს ეხება, თუმცა კონკრეტულად რას შეცვლიან, ამას დრო გვიჩვენებს.

- ამ საქმესთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილის შესაძლო როლზეც საუბრობენ. რამდენად რეალურია, რომ გამოძიება მის გარემოცვამდეც მივიდეს, თუ პროცესი მხოლოდ ცალკეული პირების დაკავებით შემოიფარგლება?

- ეს ჯერ მხოლოდ საუბრებია, არგუმენტების გარეშე. უჩა მამაცაშვილზე ბევრი რამ გამიგია და მესმის, რომ ანგელოზი არ არის, მაგრამ ქოლ-ცენტრების საქმეში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ დღეს პირველად გავიგე, ამიტომ ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი.

- თუმცა ფაქტია, რომ მმართველ გუნდში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და გარკვეულწილად მამუკა მდინარაძესაც უკავშირდება.

- პოლიტიკური ლოგიკით, მასშტაბური ცვლილებების დრო ჯერ არ დამდგარა. ასეთი ცვლილებები წესით მაშინ ხდება, როდესაც ივანიშვილი ყველა ცოდვას ერთ ადამიანს აჰკიდებს ხოლმე. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, შეიძლება კობახიძე იყოს ის ფიგურა, რომელსაც ყველა ცოდვას აჰკიდებენ და ისე გაუშვებენ ჯოჯოხეთში. მაგრამ ჯერ ორი მნიშვნელოვანი საკითხია ღიად დარჩენილი, რომლებიც, შესაძლოა, კობახიძესვე უნდა "ჩააყოლონ“: პარტიების აკრძალვა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრა - საბოლოოდ, საით მიდის ქვეყანა. ეს ორი საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

როდესაც ეს გადაწყდება, ამის შემდეგ უკვე დაგეთანხმებით, რომ პოლიტიკური ლოგიკით მისი წასვლის დრო დადგება. თუმცა პოლიტიკურ ლოგიკას "უზენაესი“ არ ექვემდებარება. როგორც ამბობენ, "გზანი მისნი შეუცნობელია“. ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მე მხოლოდ პოლიტიკური ლოგიკით შემიძლია ვიმსჯელო. ამ ლოგიკით კი სხვა სცენარებიც იკვეთება, თუმცა საბოლოოდ, ვინ იცის, უზენაესი რას გადაწყვეტს.

- თქვენი ლოგიკით, რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ასეთი მწვავე უკმაყოფილება მამუკა მდინარაძის მიმართ?

- არ მგონია, რომ მთავარი სამიზნე მდინარაძე იყოს. ის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის, უფრო კობახიძის შესაკავებლად საჭირო ინსტრუმენტია, რათა მან დამოუკიდებლად მოქმედება ვერ შეძლოს და "თვალი სადმე არ გაექცეს“. რეალურად, მდინარაძე კობახიძის კომპრომეტირების ერთგვარი ბერკეტია. რაც ახლა მდინარაძის თავს ხდება, პირდაპირ აისახება კობახიძეზეც. კობახიძის მორჩილების უზრუნველყოფა გაცილებით ადვილია, როდესაც ის გარემოცვის გამო კომპრომეტირებულია და მასზე ზემოქმედების ბერკეტები არსებობს. ხომ გაგიგიათ, "მულო შენ გითხარი, რძალო, შენ გაიგონეო“. ამ პრინციპით მოხვდა მდინარაძეს. მდინარაძე საერთოდ ვინ არის?

- თქვენ არ იზიარებთ, ოპოზიციის პოლიტიკოსების შეფასებას, რომ მდინარაძეს კობახიძეც კი გაემიჯნა?

- როგორ არა, კი ბატონო, "ქართულ ოცნებაში“ ეს დამკვიდრებული წესია, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ ვის გადააბრალებს პასუხისმგებლობას და ვინ ვისზე შეიწმენდს ხელს.

რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ საზოგადოებას ნებისმიერი რამ უთხრან, ბიძინა ივანიშვილთან ასე მარტივად ვერ გაიმართლებენ თავს.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ბოლომდე მიიყვანს, თუ საბოლოოდ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით შემოიფარგლება?

- პარტიების აკრძალვა თავისთავად არ არის "ოცნების“ მთავარი მიზანი. ამოცანა ე.წ. სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრებაა - სისტემის შექმნა, რომელშიც იქნება ერთი მმართველი პარტია და მისი სატელიტი ოპოზიცია. ვინც თამაშის ამ წესებს დათანხმდება, ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეშიც ის დარჩება, ვინც არა - განიდევნება. პროცესის განვითარებასთან ერთად გამოჩნდება, რა მასშტაბის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხომ ხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ისეთი კონიუნქტურაა, რომ, სავარაუდოდ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელსაც ხელისუფლება მოითხოვს. შემდეგ კი მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

თუმცა აქ მთავარი მხოლოდ პარტიების აკრძალვა არ არის. ამ პროცესით, ფაქტობრივად, ქართულ პოლიტიკაში დასავლური ფაქტორის გაქრობას ცდილობენ. თუ დავაკვირდებით, აკრძალვის საფრთხე იმ პარტიებს ემუქრება, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ დასავლურ კურსს იცავენ. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად ეფექტიანად აკეთებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პარტიების აკრძალვით ქვეყნის დასავლურ კურსს, მის გრძელვადიან არჩევანს უქმნიან საფრთხეს და კონსტიტუციასაც არღვევენ

.- თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დასავლურ კურსს ემიჯნება და რუსეთთან დაახლოების გზას ადგას, როგორ აიხსნება მოსკოვის გადაწყვეტილება, ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის მიზეზით, შეაჩეროს "კოკა-კოლას“, "ნაბეღლავისა“ და ქართული ღვინისა და ლუდის გარკვეული სახეობების იმპორტი და გაყიდვა?

- ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს საზოგადოების გამოცდა და ხელისუფლებაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა. რუსეთი ჩქარობს, საქართველოს საბოლოოდ დააწვევინოს ყველა ხიდი დასავლეთთან და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია მოთხოვნა, ხელი მოვაწეროთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებას, რაც, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს.

ამ გზავნილით რუსეთი ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ პროცესის დაჩქარება სურს და საქართველოს რუსეთის იმპერიულ სივრცეში რეინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს. პარალელურად, ბიზნესსაც აფრთხილებენ, რომ გაჩუმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემებს შეუქმნიან. ამ ყველაფერს შეიძლება კორუფციული და წმინდად მერკანტილური ინტერესებიც ახლდეს.

რუსეთისთვის დამახასიათებელია ისეთი სქემები, როდესაც ვიღაც ცდილობს, კონკრეტულ კომპანიას სანქციები დაუწესონ ან ბაზარი ჩაუკეტონ, შემდეგ კი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მოითხოვოს. წარმოიდგინეთ, კომპანიას ეუბნებიან: გადაიხადე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარს დაგიკეტავთ. შემდეგ კი ვიღაც გამოჩნდება, ვინც ფულის სანაცვლოდ პრობლემის მოგვარებას შეგპირდება.

ესეც ბიზნესის ერთგვარი ფორმაა რუსეთისთვის. საუბარია იმაზეც, რომ არსებობს დაახლოებით 40 კომპანიისგან შემდგარი სია, რომელთაც, სავარაუდოდ, სანქციების დაწესებით ემუქრებიან. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე შეიძლება მხოლოდ პოლიტიკურ ზეწოლასთან კი არა, კომერციულ ინტერესებთანაც გვქონდეს.

- , როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ წინ გაქვს კრიზისული პერიოდი

- დიახ, თუმცა კრიზისებს უკვე მივეჩვიეთ, რადგან მუდმივი კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ. ამ ყველაფრიდან ერთადერთი დადებითი ის არის, რომ კრიზისით ვეღარავინ შეგვაშინებს.