შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მას შემდეგ, რაც დაზარალებულს დაზიანება მიაყენა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.