ამერიკული ფეხბურთის ახალგაზრდა მოთამაშე, ტაილერ ულრიხი მატჩის დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შოკისმომგვრელი შემთხვევა აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, Southern Nazarene University (SNU)-ის გუნდის თამაშისას მოხდა.
სამხრეთ ნაზარეთის უნივერსიტეტის (SNU) მეორე კურსის სტუდენტი და მცველი, ტაილერ ულრიხი, გასულ შაბათს Crimson Storm-ისა და Ouachita Baptist-ის მატჩის დროს მძიმედ დაშავდა. იგი სტადიონიდან დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.

ტელეკომპანია KOCO News 5-ის ცნობით, მატჩის კომენტატორმა აღნიშნა, რომ ულრიხის მიერ მიღებული ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დამზაფრავი სანახაობა იყო, რაც კი ოდესმე ამერიკული ფეხბურთის მატჩისას ენახა. მოგვიანებით სპორტსმენის მამამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდამ თავის მძიმე ტრავმა მიიღო.
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კით ნიუმენმა გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტაილერი საავადმყოფოში ყოფნისას უწყვეტად იმყოფებოდა ოჯახის წევრების, გუნდელებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა სპორტსმენი ხუთშაბათს დილით, 11:13 საათზე გარდაიცვალა.

ტრაგედიის გამო SNU-ს მომდევნო მატჩი Southwestern Oklahoma State University-ის წინააღმდეგ, რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გაუქმდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებისა და გუნდის წევრებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი და კამპუსის პასტორები ჩართო, რათა მათ მძიმე დანაკარგთან გამკლავებაში დაეხმარონ.
ტაილერ ულრიხის გარდაცვალებას მწვრთნელები და სპორტული საზოგადოება ემოციური პოსტებით გამოეხმაურნენ.
SNU-ს მთავარმა მწვრთნელმა დასტინ ჰადამ აღნიშნა: “ღვთის კაცი, მშვიდი ძალის, ერთგულების, შრომისმოყვარეობისა და სიხარულის საუკეთესო მაგალითი - აი, ვინ იყო ტაილერი!“.