"ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენს წუხილზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მედია გარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კობახიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სხდომაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილეს თუ არა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ზოგადი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდის ყოფილი წევრების მიერ დანაშაულისთვის სასჯელის მოხდა მმართველი გუნდისთვის მტკივნეულია.
"ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ეს არის კომენტარი, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა.“
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამგვარი მოლოდინის საფუძველი არ არსებობს. როგორც თავად აღნიშნა, მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა და ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
"ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს - თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მდინარაძესთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხნენ, თუმცა ამ თემაზე საუბარი ზოგადი ხასიათის იყო.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაფართოვდება. მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტსაბჭოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან.
მთავრობის ადმინისტრაციისგან მიღებული პირველადი ინფორმაციის თანახმად, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით არამიზნობრივი ხარჯები არ იკვეთება.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავრობა ხარჯების შესახებ სრულ და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. მისივე თქმით, თუ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ დამატებითი კითხვები დარჩება, შესაძლებელი იქნება შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვა.
"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს მთავრობის ადმინისტრაციიდან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესია და არაერთი განცხადება იყო, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სრული, დეტალური ინფორმაცია გაუზიაროთ საზოგადოებას და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“,- განაცხადა კობახიძემ.
"კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე თვითონ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, ვინ წარადგენს "ქართული ოცნების“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, პრემიერის თქმით, სავარაუდოდ, ეს პარლამენტის წარმომადგენელი იქნება, რადგან სარჩელი პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი.
კობახიძემ ასევე ისაუბრა სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის სურვილია, სასამართლომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
"რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სარჩელი, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.