ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
"როგორც გამოცემამ “მთავარი ამბები კახეთიდან” გაარკვია, შილდაში ქორწილის მეორე დღე ახალგაზრდებმა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნეს. სოფელში დაბრუნების შემდეგ კი, ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. სასაფლაოზე მყოფ პირებს არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ჯგუფის წევრმა, ქორწილის მონაწილე ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში აქვს მიყენებული" - წერს გამოცემა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე განცხადებით, მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.